31 მაისს ქართველმა გულშემატკივარმა კახა კალაძე ფეხბურთიდან გააცილა. თავის დროზე ჩვენთან მიხეილ მესხი გაუცილებიათ ფეხბურთიდან, შემდეგ მურთაზ ხურცილავაც, მაგრამ ტრადიცია ისე, როგორც დასავლეთშია, არ არსებობდა. ევროპაში ფეხბურთელის გამოსათხოვარი მატჩი მთელი ზეიმია. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და რა გასაკვირია, რომ ესეც. ჩვენთან, მრავალმა ისეთმა ფეხბურთელმა დაამთავრა კარიერა, ვინც მსგავსი მატჩის ჩატარება დაიმსახურა, მაგრამ ამაზე არავინ იზრუნა.
5 წლის წინ შოთა არველაძის გაცილება მოეწყო. შოთიმ ქართველ ხალხს თავდადებული თამაშით დაამახსოვრა თავი და კიდევ ერთხელ მადლობის თქმას ნამდვილად იმსახურებდა. ახლა კახაც გავაცილეთ...
უეფას ჩემპიონთა ლიგის, სუპერთასის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, სკუდეტოს, უკრაინისა და საქართველოს ჩემპიონატების და მრავალი სხვა ტიტულის მომგებმა ფეხბურთელმა, ბუცები 2012 წლის 12 მაისს ჩამოკიდა ლურსმანზე. კახა კალაძე მხოლოდ ტიტულების სიმრავლის გამო როდია დიდი ფეხბურთელი, ასე მედლებს სათადარიგოთა სკამზე მჯდომი მოთამაშეებიც იღებენ ხოლმე. არა, კალაძე ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მილანის ყველა მნიშვნელოვანი წარმატების უშუალო მონაწილე იყო. 35 წლის წინ სამტრედიაში დაბადებული ბიჭი, შრომისა და ნიჭის ხარჯზე მოხვდა ჯერ თბილისის, შემდეგ კიევის დინამოში, ხოლო კარიერის ვარსკვლავური წლები კალამ მილანში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს მრავალი შესანიშნავი საფეხბურთო მოგონება დაუგროვდა. კალაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო და მიუხედავად ოჯახური ტრაგედიისა, შეიძლება ითქვას, რომ მის თამაშზე ამას არ უმოქმედია. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი, რაც ასე აკლია ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთს. თავის რიგებში კალაძის ხილვა სხვადასხვა დროს მიუნხენის ბაიერნს, ლივერპულს, ჩელსის და სხვა გამორჩეულ კლუბებს სურდათ, მაგრამ კახა მილანის ერთგული დარჩა და ამიტომაცაა, რომ იტალიურ გრანდში ასეთი პატივისცემით სარგებლობს.

ფოტო: ალექსანდრე ისკანდიროვი
საფეხბურთო მატჩებს უკვე დიდი ხანია პრესლოჟიდან ვადევნებ თვალს. აქ ყოველთვის თავისებური აურაა, ძირითადად სულ ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს. 31-ში ყველაფერი სხვანაირად იყო. ამდენი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ვფიქრობ, დინამო არენას პრესლოჟას არასოდეს უნახავს. წინა დღით, შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მამუკა კვარაცხელიამ ბრძანა - "ლოჟაში არსებულ 160 ადგილზე 419 განაცხადი შემოვიდა, თან ბევრი ისეთი მსურველია, დარწმუნებული ვარ, სტადიონს ძალიან რთულად მოაგნებენო" და მართლაც ასე იყო. უცნაურია, როდესაც საფეხბურთო მატჩს ესწრები მედიისთვის გამოყოფილ ადგილას და გვერდით მჯდომი ადამიანი გეკითხება თუ ვინ არის მურთაზ შელია ან გოგა გახოკიძე...
არა უშავს, ეს ხალხი პაოლო მალდინისა და ფაბიო კანავაროს საცქერად მოვიდა, ისევე როგორც შარშან ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებისას მოხდა. პაოლო და ფაბიო ნუ მიწყენენ და პირადად, გიო ქინქლაძის თამაშის კიდევ ერთხელ ყურება, მეტად მაინტერესებდა.
მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, მოედანთან აღმართულ სცენაზე ბერა ივანიშვილი გავიდა. ალბათ, რომ გამეგო რას მღეროდა, ისედაც არ მომეწონებოდა, მაგრამ დამონტაჟებული გამაძლიერებლების გაუმართაობით ან ხმის რეჟისორის არაკვალიფიციურობის გამო, ჩემამდე მუსიკის მაგივრად რაღაც გაურკვეველი ხმაური აღწევდა. მოკლედ, არ მომეწონა...

ფოტო: ალექსანდრე ისკანდიროვი
მე როგორც აღვიქვი, ყველაზე დიდი ოვაციებით გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, კახა კალაძის შემდეგ, ფაბიო კანავაროს, პაოლო მალდინის და გიორგი ქინქლაძეს შეხვდნენ. საოცარია - რამდენი წელი გავიდა მას მერე, რაც ამ ფენომენალური ნიჭის მქონე ფეხბურთელმა თამაშს თავი დაანება და დღეს, მის დანახვაზე ხალხი ფეხზე დგება, ტაშს უკრავს, ვიღაცას კი შემთხვევით ცრემლიც ჩამოუვარდება. მეც...
საერთოდ, გამოსამშვიდობებელი მატჩის სპეციფიკა ისეთია, რომ მოთამაშეები შედეგის მისაღწევად, დიდად თავს არ იტვირთავენ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მათი უმეტესობა ასაკშია, წონაც მომატებული აქვს და ყველაფერი ძალიან ლოგიკურად მოგვეჩვენება. კალაძის გაცილების მატჩი სანახაობრივი ნამდვილად ვერ გამოდგა, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომფეხბურთელები გოლის გაშვებას ერთ, ან მეორე კარში მარტივად აპირებდნენ. ტრიბუნებიდან ჩანდა, რომ მატჩის ბევრი მონაწილე საკმაოდ მოტივირებული იყო. რამდენიმე მოთამაშეს, მათ შორის ლევან კობიაშვილს, აშკარად ეტყობოდა, რომ მოქმედი ფეხბურთელია. კობი ბევრს მოძრაობდა, პასებსაც უხვად არიგებდა და კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ მისნაირი ფეხბურთელი დღევანდელ ნაკრებს ძალიან სჭირდება.
შეხვედრის დასაწყისში შოთა არველაძის მიერ ეფექტური დარტყმით გატანილი, მაგრამ არჩათვლილი გოლის გარდა, პრინციპში მატჩში განსაკუთრებით ლამაზი ეპიზოდი თითზე ჩამოსათვლელად იყო. რაც მოვინიშნე, ის იყო, რომ ანდრეი შევჩენკო მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდა ფაბიო კანავაროს მარწუხებისთვის თავის დაღწევას, თუმცა არ გამოსდიოდა. იტალიელი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება, მილანის ყოფილ ფორვარდს წარმატებით მეურვეობდა და ერთ ეპიზოდში ძალიან ლამაზად, ვარდნაში აართვა ბურთი. შეხვედრის 66-ე წუთზე გიორგი ქინქლაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს შორიახლოს მიიღო, მეტოქე ტექნიკური ილეთით ჩამოიცილა და გადაცემა რატი ალექსიძეს გაუკეთა. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ დინამო არენა ისე აგუგუნდა, ვითომ გოლი გავიდაო. კიდევ იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც პანკარომ, ზვიად სტურუას საჯარიმო ხაზიდან ტექნიკურად დაურტყა. ვეტერანმა მეკარემ, რომელმაც, სხვათა შორის, კარიერა კალაძის მსგავსად სამტრედიაში დაიწყო, ბურთი აკრტობატულ ნახტომში ლამაზად მოიგერია. ტაიმებს შორის, მოცეკვავეებმა ფლეშმობი დადგეს, რომლის ხარისხიც, ვფიქრობ, საკამათო იყო. სულ ესაა, რისი გახსენებაც შეიძლება. ანგარიშს რაც შეეხება, შეხვედრა მილანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. კალაძის მეგობრებიდან გოლი 26-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, 43-ეზე პიპო ინძაგიმ ასევე პენალტით გაათანაბრა, შევჩენკომ უპირატესობა ორამდე 71-ე წუთზე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში სამ წუთში პიეტრო ვორხოვოდმა დააფიქსირა.

ფოტო: ალექსანდრე ისკანდიროვი
პრესკონფერენციაზე კალამ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა იმ სითბოსთვის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში მისდამი გამოხატავდნენ. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ ვყვარებივარ ქართველ ერსო", თქვა კახამ და ამ წინადადებასთან ერთად კალაძის საფეხბურთო კარიერაც საბოლოოდ დასრულდა.

ფოტო: ალექსანდრე ისკანდიროვი
მოკლედ, მადლობა, კალა!
პ.ს: ვისაც ეს ეხებათ, აუცილებლად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ქართველ გულშემატკივარს მიეცეს საშუალება, როგორც მინიმუმ, ლევან კობიაშვილს და ალექსანდრე იაშვილს ღირსეული, თავდადებული თამაშისთვის მადლობა გადაუხადოს. ნაკრებში არგამოძახება ერთია, მაგრამ ქართველ ხალხს, ეროვნულ გუნდს, ეს ფეხბურთელები წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და გამოსამშვიდობებელ მატჩს უთუოდ იმსახურებენ!




