თბილისის აეროპორტში გამთენიისას ლიტველი ბიზნესმენი საულიუს ვაიტკიავიჩუსი დააკავეს. როგორც ტაბულას საქრათველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბიზნესმენი პროკურატურის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ, "ერთ-ერთი კომპანიის თანხების მითვისების" ბრალდებით დააკავა. ვაიტკიავიჩუსს ბრალი, სავარაუდოდ, დღეს წაეყენება.
ცნობა ლიტველი ბიზნესმენის დაკავების შესახებ, სააგენტო BNS-ზე დაყრდნობით, ლიტვურმა ინტერნეტგამოცემა Delfi-მ გაავრცელა. დაკავებულის მეუღლის ვაივა ვაიტკიავეჩენეს განცხადებით, ბიზნესმენი აეროპორტში მოულოდნელად, დილის ექვსის ნახევარზე დააკავეს. "მან შეძლო ადვოკატთან დარეკვა და იმის თქმა, თუ რომელ საგამოძიებო იზოლატორში მიჰყავთ. მაგრამ იქ მისულ ადვოკატს უთხრეს, რომ ასეთი ადამიანი იქ არ იმყოფება. ქალაქში ყველა საგამოძიებო იზოლატორი შეამოწმეს, მაგრამ ჩემი მეუღლე ვერსად ნახეს. აეროპორტის სამსახურებიც ვერ ადასტურებდნენ, რომ ეს ადამიანი დაკავებულია. 11 საათამდე არ ვიცოდით, რა ხდება", - განცხადა ვიტკიაივეჩენემ სააგენტოსთან საუბრისას.
მისი თქმით, მან დახმარებისთვის საქართველოში ლიტვის საელჩოს მიმართა. ბიზნესმენის მეუღლის მტკიცებით, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული ადვოკატის გარეშე დაიკითხა, მისთვის რაიმე ბრალი არ წაუყენებიათ. "ფორმულირება მარტივი იყო - მან უნდა მოიფიქროს, როგორ იყო დაკავშირებული ძველ ხელისუფლებასთან", - ამბობს ბიზნესმენის მეუღლე. მისი თქმით, როგორც ადვოკატებმა გაარკვიეს, გამოძიება ყოფილ მთავრობასთან და ვანო მერაბიშვილის ყოფილ მრჩეველთან, ლიტველ დარიუს იურგელიავიჩუსთან, მისი კავშირებით დაინტერესდა.
საულიუს ვაიტკიავიჩუსი სუპერმარკეტების ქსელის იოლის ყოფილი მფლობელია. მისი მეუღლის მტკიცებით, ბიზნესმენმა საკუთარი წილი 29 მაისს გაყიდა, რადგან "მომგებიანი წინადადება მიიღო". საქართველოში ბიზნესით იგი 2009 წლიდან იყო დაკავებული.





