საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური ბიძინა ივანიშვილის სტატიას აქვეყნებს, რომელსაც euobserver-ში დაიბეჭდა.
"როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შეძრწუნებული ვარ 17 მაისს მომხდარი მოვლენების გამო. ეს იყო უხამსობა, რომელიც არ შეშვენის შემწყნარებლობის ეროვნულ და ქრისტიანულ ტრადიციებს საქართველოში. დემონსტრაციების ზოგიერთი მონაწილის მიერ ჩადენილ ძალადობას, პოლიციელთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ჩათვლით, ვერაფერი გაამართლებს. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი და მიმდინარეობს გამოძიება ყველა დამნაშავის სამართალში მიცემის უზრუნველსაყოფად. იყო სასულიერო პირი, – ეს არ არის ალიბი. დაისჯება ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშაული, დაარღვია კანონი, მოუწოდა ძალადობისაკენ ან მიიღო მასში მონაწილეობა. გასული კვირის მოვლენები იყო საქართველოში მიმდინარე ცვლილებების ნიშანი, რამაც არა მხოლოდ აღშფოთება გამოიწვია, არამედ ახალი საქართველოს მომასწავებელიც გახდა. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულმა წრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს იმას, რომ მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერდი ყველა უმცირესობის თანასწორუფლებიანობას, სექსუალური უმცირესობების ჩათვლით. თუმცა, მე ისიც განვაცხადე, რომ საზოგადოება ნელ-ნელა შეეჩვევა ამ ახალ რეალობას, რომელიც ყველას თანასწორობას გულისხმობს. ეს არ არის ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს ქვეყანაში ათეულობით წლების პოლიტიკური რეპრესიების შედეგია, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში მტკივნეულად მიდის დემოკრატიული რეფორმები", - ნათქვამია წერილში.
ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას სექსუალური ნიშნით ითხოვენ.
"საქართველოს კონსტიტუცია ამ უფლებას ანიჭებს საქართველოს ყველა მოქალაქეს - განურჩევლად, ხოლო ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თანასწორობის დაცვა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. ხელისუფლება კვლავ გაუწევს სრულ მხარდაჭერას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მზადდება და რომლის მიზანიცაა დისკრიმინაციასთან გამკლავება. კანონის მიღების შემთხვევაში კი, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ მისი მყისიერი და ეფექტიანი განხორციელებისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას გამართული დემონსტრაციები ადასტურებს ახალგაზრდა დემოკრატიის არსებობას საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ იმართება არა როგორც პოლიციური სახელმწიფო, არამედ როგორც სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დაცვას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური აზრის გამოხატვა ისე ხელშეწყობილი, როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, და ეს ხდება საპარლამენტო და სამთავრობო არხებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეს არხები და უკეთესად დავიცვათ ყველა უმცირესობის პოზიცია", - ნათქვამია წერილში.





