ორმოცდაათიანელური ეკლესია

ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი: უფალს სძულს ცოდვა და არა ცოდვილნი

ოლეგ ხუბაშვილი

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის (ორმოცდაათიანელური) ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში სახარების რწმენის ეკლესიისთვის მოძღვრების და პრაქტიკული ცხოვრების საფუძვლებს ბიბლია, წმინდა წერილი წარმოადგენს. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანებისთვის წმინდა წერილი ყოველთვის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებად და უმაღლეს სტანდარტად დარჩება, რომლის მიხედვითაც ადამიანური ქცევები და მორალი იზომება.
თანამედროვე საზოგადოებაში გახშირდა ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულების გამოხატვა, როგორც "განსაკუთრებული სექსუალური ორიენტაციისადმი". გამოთქვამენ აზრებს, რომ ჰომოსექსუალიზმი განპირობებულია "ინდივიდუალური სექსუალური განწყობილებით".

ბიბლია გვასწავლის, რომ სექსუალური ურთიერთობების ერთადერთ ნორმალურ და ბუნებრივ ფორმას ქორწინებაში მყოფი მამაკაცისა და დედაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს. არანაირი ჰომოსექსუალური კავშირები არ უნდა უპირისპირდებოდეს მას. ჩვენ ვგმობთ მისი სიამაყით წარმოჩენის მცდელობებს და აგრეთვე ვასამართლებთ ჰომოსექსუალიზმის ყოველგვარ პროპაგანდას.
წმინდა წერილი ჰომოსექსუალიზმს განიხილავს, როგორც ადამიანის ცხოვრებისთვის ღმერთის ჩანაფიქრის უხეშ დამახინჯებას. ამ სახის ურთიერთობებს ღმერთი "სისაძაგლეს" (ლევ.20:13) და "სამარცხვინო ვნებებს" (რომ.1:26-27) უწოდებს.

თუმცა ამით იმის თქმას არ ვაპირებ, რომ მხოლოდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციაა ცოდვა ან კიდევ, მხოლოდ ისინი არიან ცოდვაში.
თავისუფალი ნება ადამიანს თვით ღმერთმა უბოძა და ამ სუვერენული უფლების წართმევა არავის ძალუძს. ადამიანს აქვს უფლება სწამდეს ან არ სწამდეს თავად ღმერთი. ქრისტიანობა თავის მოძღვრებიდან გამომდინარე გმობს ძალადობას. ამის საილუსტრაციოდ მრავალი ახალი აღთქმისეული მაგალითის მოყვანა შეიძლება. როდესაც გეთსემანიაში იესოს შესაპყრობად მოვიდნენ მღვდელმთავრის მონები, სიმონ პეტრემ ერთ-ერთ მონას, სახელად მალქოზს, მახვილით მარჯვენა ყური მოკვეთა. იესომ პეტრეს ეს ქმედება დაგმო და თქვა: "ყველა ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება" და უფრო მეტიც - "შეეხო მონის ყურს და განკურნა ის".

როდესაც ქრისტიანები ვხედავთ რაიმე არაქრისტიანულს, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, არა მახვილით გაუსწორდეთ, არამედ "განვკურნოთ" ის ჩვენი შეძლების მიხედვით. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, --- როდესაც იესო სამარიტელთა სოფელში არ მიიღეს, განრისხებულმა მოწაფეებმა შესთავაზეს: "უფალო, თუ გნებავს, ვიტყვი, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: არ იცით ვისი სულისანი ხართ. ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპად, არამედ გადასარჩენად და წავიდნენ მეორე სოფელში..."

ჩვენი პოზიცია არის კატეგორიული ცოდვისადმი და არა ცოდვილი ადამიანებისადმი. უფალს სძულს ცოდვა და არა ცოდვილნი. იესომ ჯვარზე თავი იმიტომ შესწირა, რომ უკეთურნი მობრუნებულიყვნენ ცოდვის გზიდან. ერთ-ერთ იგავში იესო ამბობდა: კეთილი მწყემსი 99 ცხვარს ტოვებს და ერთის მოსაძებნად მიდის, მაგრამ ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ, რომ 99 "მართალი'' ერთ დაკარგულ ცხვარს მისდევდა, ასამართლებდა, აგინებდა და ძალადობდა მასზე. ეკლესია მოწოდებულია იმისათვის, რომ ილოცოს და იშუამდგომლოს ყველა ცოდვილისთვის. ქრისტიანობა არ არის ძალადობის რელიგია და არც ქრისტეს მოვუწოდებივართ იმისთვის, რომ ვინმე ძალით გაგვექრისტიანებინა.

ზოგიერთი ლიბერალი ღვთისმეტყველის მიერ ჰომოსექსუალიზმი წარმოდგენილია როგორც ცხოვრების ალტერნატიული წესი ან ავადმყოფობა. ჩვენ არ ვიზიარებთ ამას და არ ვთვლით, რომ ეს არის ავადმყოფობა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ცოდვა სხვა მრავალ ცოდვათა შორის, რომელსაც გმობს ძველი და ახლი აღთქმის წერილები.

ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერი ცოდვისადმი გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება, ცოდვის საწინააღმდეგოდ ჩავატაროთ რაიმე სახის ღონისძიება და ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში ჯანსღი, ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, რომელიც წმინდა წერილზეა დაფუძნებული. ეს ჩვენი მოვალეობაცაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანული ეთიკა რა პრინციპითაც ცოდვას ეწინააღმდეგება, იგივე პრინციპით ძალადობის წინააღმდეგია.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ აუტინგზე, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას ნიშნავს და მისი სექსუალური ორიენტაციის ძალადობრივი გზით საზოგადოების წინაშე გამოვლენას და გამოაშკარავებას გულისხმობს, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ადამიანის პირადი ცხოვრება და ამის გარანტი თავად სახელმწიფო უნდა გახდეს. ცოტა განსხვავებული შეხედულება გვაქვს ქამინგ აუთის შესახებ. ლგბტ საზოგადოება, რომელიც ცდილობს ნებაყოფლობით "გამოსვლას" (ქამინგ აუთს), აღიარებას თავისი სექსუალური ორინტაციის შესახებ, ამაში სახარბიელო არაფერია და მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ნორმალურ მოვლენად მიაჩნიათ. ერთია, არ დაფარო სიმართლე და აღიარო ვინც ხარ და მეორეა - რისთვის იყენებ ამას, საკუთარი თავის დასაცავად თუ პროპაგანდად.

ჩვენ ვიცით, ჰომოსექსუალიზმის შესახებ მრავალი აღსარების საიდუმლო ინახება საქართველოს თუ საზღვარგარეთ მყოფ უფლის ეკლესიებში. სწორი, ქრისტიანული მიდგომის შედეგად ადამიანები თავისუფლდებიან ამ ცოდვისაგან. ქრისტეს ეკლესიამ მათ აჩვენა სიყვარული, უქადაგა უფლის სიტყვა და სულიწმინდის ძალით და ცხებულებით მათ მიატოვეს უკეთური ცხოვრება და აღიარეს, რომ ეს არის ცოდვა, რომლისგანაც ადამიანებს სჭირდებათ განთავისუფლება. მათ შექმნეს სრულფასოვანი ოჯახები. ეს გააკეთა უფალმა, მისმა ძალამ და სიყვარულმა.
თუ ჩვენ დავუწყებთ ცემას ლგბტ ადამიანებს თავიანთი ცოდვის გამო, ისინი არასოდეს მოვლენ ჩვენთან, რომ სულიერი დახმარება მიიღონ. მიუხედავად ჩვენი მკაცრი პოზიციისა ამ ცოდვისადმი, მაინც კატეგორიულად უარვყოფთ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერ ადამიანზე.

საქართველოს კონსტიტუცია საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს თანაბარ უფლებებს ანიჭებს და მოვალეობებს აკისრებს. ვინც კანონის წინაშე ჩადის დანაშაულს, კანონითვე უნდა გასამართლდეს. ვინც კეისრის წინაშე უნდა აგოს პასუხი, კეისრის წინაშე აგოს, ვინც უფლის წინაშე - უფალთან.

ღმერთმა ქმნას, რომ ყოველგვარი უმსგავსობა ჩვენს ქვეყანაში აღმოიფხვრას მისი ძალით და მადლით და არა ადამიანური ძალადობით.

უფალი შეგვეწიოს".

კომენტარები