ყოფილი პრემიერის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს დღეს, 22 მაისს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდება.
სააგენტო ინტერპრესნიუსი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პროკურატურა დღის მეორე ნახევარში აპირებს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეებთან დაკავშირებით დაუმძიმოს ბრალდება.
გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც ამ წუთებში მიემგზავრება ქუთაისში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოსანახულებლად, აცხადებს, რომ მისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართავს.
"ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს. ბრალის დამძიმების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას ინფორმაცია არ მოუწოდებია", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულს, ყოფილ დიპლომატსა და ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ, 21 მაისს წაუყენეს.
გამოძიება მათ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.2 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ; უშუალოდ მერაბიშვილს კი პროკურატურა ასევე ედავება სახელმწიფოსთვის 158 ათასი ლარის ზიანის მიყენებას, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე, შპს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის კუთვნილი ფეშენებელური აგარაკის კეთილმოწყობაში დახარჯა.





