დაკავება

ივანიშვილი: თუ კანონის დარღვევა აქვს პრეზიდენტს, მასაც ისევე მოეთხოვება

"მე ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ სასამართლოს. კითხვები არსებობდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მისამართითაც. მანამ, სანამ სასამართლო არ იქნება, წინასწარ არაფერი უნდა ვამტკიცოთ. დაველოდოთ პროცესებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მას გაუჭირდება ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტის პოლიტიკურ დევნად შეფასება.
"მე მგონი, რომ იმდენად სუსტია ეს პოლიტიკური დევნის საკითხი, რომ მაგას ვეღარც იყენებენ. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად გაიგეს, რომ ჩვენ შერჩევით სამართალს არ ვაწარმოებთ. პოლიტიკური დევნა არ იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურს გამოძიების დეტალებზე საუბარი, თუმცა მოიყვანა სტrასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, ვანო მერაბიშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალს უახლოეს მომავალში წაუყენებენ.   

"მე შემიძლია გავიმეორო გირგვლიანთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერი, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილიც მოიხსენიება და პრეზიდენტიც კი. პრეზიდენტის დონეზე ყველანი ხელს აფარებდნენ, ასეთი ჩანაწერია სასამართლოსი, რომ ყველა სტრუქტურები და პრეზიდენტიც კი ხელს აფარებდნენ გამოძიების ნორმალურ სვლას და ითხოვდნენ თავიდან გამოძიებას, რისი ვალდებულებაც ჩვენ გვქონდა, გამოძიება თავიდან მიმდინარეობს და მე მგონი, დასრულების პროცესშია", - განაცხადა პრემიერმა.   

"თუ კანონის დარღვევა აქვს პრეზიდენტს, მასაც ისევე მოეთხოვება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები