ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

პრეზიდენტი პრემიერს ბათუმის უნივერსიტეტისთვის სტატუსის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
www.facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრს მოუწოდებს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სტატუსი დაუბრუნოს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი შენობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
"თუ ის არ გადახედავს, ადრე თუ გვიან მაინც გადავხედავთ, მაინც გავუშვებთ მერიას აქედან და დავაბრუნებთ უნივერსიტეტს, მაგრამ ამაში დრო დაიკარგება. ახლა ჯიბრის, ჯინის და სააკაშვილის საწინააღმდეგო ქმედებების დრო არ არის. დაივიწყეთ, რომ ვარსებობ. გაიხსენეთ, რომ საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა, განვითარება და ხვალინდელი დღე. ამ უნივერსიტეტს გადარჩენა სჭირდება და ამ ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც მოვაწყვეთ - ლაბორატორიები, ტექნიკა, ავეჯი, ყველაფერი ჩამოუგლეჯიათ, ჩამოუფხრეწიათ, გაუტანიათ და სადღაც წაუღიათ. შევარდნენ, როგორც დამპყრობლები და წაიღეს ყველაფერი, რაც უნივერსიტეტისთვის იყო გამზადებული", - ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამასთან, ეს შენობა არ არის მორგებული მერიაზე და აქვს ბევრი რამ, რაც მერიას არ სჭირდება:
"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სეზონი გახდა 6 თვე, თუმცა დანარჩენი 6 თვე ქალაქი უნდა ცხოვრობდეს. მთელი ინფრასტრუქტურა - კაფეები, პატარა მაღაზიები, ის, რაც ხალხს ასაქმებს, ვიღაცამ უნდა გამოიყენოს. სიცოცხლე უნდა იყოს და ამისთვის აქ ჩამოვა ბევრი უცხოელი სტუდენტი, პროფესორი და ისწავლის ასევე ბევრი ქართველი სტუდენტი. ქალაქის გაცოცხლებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ქართველი სტუდენტების 80% აქ ისწავლიდა უფასოდ და მიიღებდა უმაღლესი კლასის განათლებას, მათ შორის ისეთი ოჯახების შვილები, ვისაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს. ამიტომ მე არ მესმის, როგორ შეიძლება ამ შენობაში მერიის განთავსება და უნივერსიტეტის გამოსახლება ... უნივერსიტეტს მოჰყვება განვითარება, პრესტიჟი, ინვესტიცია და ამის მაგივრად მერიამ გაასახლა უნივერსიტეტი და სახლდება თვითონ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში გახსნა. ბათუმის საკრებულოს ინიციატივით, შენობაში ქალაქის მერიის განთავსება იგეგმება.

 

კომენტარები