პოლიცია ნიუ ორლეანში, დედის დღისთვის მიძღვნილი აღლუმის დროს მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილებს ეძებს. სროლის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ცნობით, მათ შორის 10 მამაკაცი, 7 ქალი და ორი 10 წლის ბავშვია. მათი უმეტესობის ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არაა.
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ სროლა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიმდინარეობდა, შემთხვევის ადგილზე მათ სამი შეიარაღებული მამაკაცი შენიშნეს. პოლიცია დანაშაულის მოტივების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობს. სროლა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მაშინ ატყდა, როდესაც იქ 200 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა.
ნიუ ორლეანის მერის მიჩ ენდრიუს განცხადებით, პოლიცია ამ დანაშაულს გამოძიებაზე ინტენსიურად მუშაობს, თუმცა სამართალდამცავებს დახმარება სჭირდებათ. "ჩვენ ეს ადამიანები უნდა დავაკავოთ და ამაში საზოგადოების დახმარება გვჭირდება. იქ ასეულობით ადამიანი იყო და ალბათ ვინმეს შეუძლია ინფორმაცია მოგვაწოდოს", - განაცხადა ქალაქის მერმა.





