განათლება

შაშკინის საქმე ცოცხლობს და იმარჯვებს

გასულ თვეში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად საკითხი სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საგამომცემლო ბიზნესის აწმყოსა და მომავალს ეხება.

ინიციატივის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს და წიგნები სკოლების საკუთრებაში დარჩება. თანხების დაზოგვისა და მოქალაქეების ჯიბეზე ზრუნვის არგუმენტით, სახელმწიფო სახელმძღვანელოებს თავად დაბეჭდავს – მათზე საავტორო უფლებების მქონე გამომცემლობების გვერდის ავლით. ეს ნიშნავს, რომ გამომცემლობების მიერ უკვე დამზადებული და გრიფმოპოვებული წიგნები, შესყიდვის გარეშე, სამინისტროს მფლობელობაში გადავა.

ამ პერიოდში გამომცემლების მისამართით მრავალი პრეტენზია გაისმა. სამინისტროს მესვეურები ამბობენ, რომ ისინი ღარიბი ბავშვებისა და მათი მშობლების ხარჯზე ცდილობენ გამდიდრებას. თავის მხრივ, გამომცემელთა უმრავლესობა ამბობს, რომ წიგნების სახელმწიფოს მიერ დარიგებას მიესალმება და გარკვეული კომპრომისებისთვისაც მზადაა, თუმცა ანტიკონსტიტუციურ ექსპროპრიაციაზე საუბრობს და სახელმწიფოს კერძო საკუთრების უხეშ ხელყოფაში ადანაშაულებს.

მსგავსი კრიტიკის საგანი განათლების სამინისტრო ბოლო პერიოდში ზედიზედ მეორედ გახდა – გამომცემლების საკუთრების გადაბარებას წინ უძღვოდა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა, შემდეგ კი, ატეხილი ხმაურის ფონზე, ხელახლა მინიჭება. სახელმწიფო არგუმენტებად ამჯერადაც მზრუნველობასა და სოციალურ სამართლიანობას იშველიებს. ამასთან, წინა შემთხვევის მსგავსად, წარმატებით სარგებლობს ბერკეტით, რომელიც ყოფილმა მთავრობამ შექმნა, თუმცა არ გამოუყენებია – იმ მთავრობამ, რომელსაც დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირები ხშირად ბოლშევიზმსა და კერძო საკუთრების უპატივცემულობაში ადანაშაულებდნენ.

სწორედ უკვე არსებული ლეგალური საფუძვლებია სამინისტროს ერთ-ერთი კონტრარგუმენტი. სტრუქტურა ამბობს, რომ ის 2011 წელს გრიფირების წესში შესულ ცვლილებებს ეყრდნობა. საქმე ისაა, რომ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, გრიფირების წესები გამკაცრდა – დაწესდა ფასის ზედა ზღვარი (10 ლარი), ამასთან, სამინისტრო სახელმძღვანელოზე საავტორო უფლების თანამესაკუთრე გახდა. მინისტრის ბრძანებით, რომლის კონსტიტუციურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, სახელმწიფომ უფლება მოიპოვა, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების" არსებობის შემთხვევაში, გრიფმინიჭებული წიგნის დაბეჭდვის უფლება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გადაეცა, საავტორო უფლებების მფლობელისთვის კი, ჰონორარის სახით, რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგების 10% მიეცა.

მაშინ სამინისტრო ამბობდა, რომ ბერკეტი გამომცემლებსა და სკოლებს შორის კორუფციული გარიგების პრევენციისთვის სჭირდებოდა, ასევე იმ შემთხვევებისთვის, თუ რომელიმე გამომცემლობა ბაზარზე ხელოვნურ დეფიციტს შექმნიდა და სასკოლო წიგნებზე ფასი გაიზრდებოდა. სხვა სიტყვებით, საავტორო უფლებების თანამესაკუთრეობას გრიფირების წესში სადამსჯელო ფუნქცია ჰქონდა, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ მიზანი სინამდვილეში პოპულისტური იყო. ამას ადასტურებდა თუნდაც გამომცემლობების მცდელობები, გვერდი აევლოთ ფასის დაწესებული ლიმიტისთვის, რის გამოც ზოგიერთ სახელმძღვანელოს ორ ნაწილად ბეჭდავდნენ.

ახალი წესები თავიდანვე პრობლემატური ჩანდა სხვა მხრივაც – გაზრდილი რისკების გამო, შეიძლება გვევარაუდა, რომ სახელმძღვანელოების შექმნასა და განახლებაში ნაკლები ინვესტიცია ჩაიდებოდა, რაც წიგნების ხარისხსა და ალტერნატივას შეამცირებდა. გრიფის მისაღებად სახელმძღვანელოს შინაარსობრივი კრიტერიუმების 90%-ის დაკმაყოფილება მოეთხოვებოდა, კრიტერიუმებთან შესაბამისობა კი კონფიდენციალურ ექსპერტებს უნდა დაედგინათ. ამ გზით, სახელმწიფოს ფავორიტი გამომცემლობების წახალისებისა და „არასასურველების" დასჯის ბერკეტიც ეძლეოდა. მოსალოდნელი იყო, რომ მსგავსი პირობები, სტიმულის მიცემის მაგიერ, სახელმძღვანელოების ბაზარზე მოთამაშეთა შემცირებას გამოიწვევდა, რაც, თავის მხრივ, მყიდველის არჩევანს შეზღუდავდა. გამოდიოდა, რომ მომხმარებელი ფულს იხდიდა, პროდუქტს კი სახელმწიფო ურჩევდა.

საბოლოოდ, გრიფის მაძიებელ გამომცემლებსა თუ ავტორთა ჯგუფებს ამ კონტრაქტზე ხელის მოწერა მოუწიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. სამინისტროს მისამართით გამომცემლობები გარკვეულ ეჭვებს ან უკმაყოფილებას მაშინვე გამოთქვამდნენ, თუმცა ამას მასშტაბური სახე არ მიუღია, მათ შორის იმიტომაც, რომ თანამესაკუთრეობის უფლება სახელმწიფოს აქამდე არცერთ ეტაპზე არ გამოუყენებია.

ახალი ხელმძღვანელობის პირობებში აღმოჩნდა, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება" შეიძლება იყოს სახელმწიფოს სურვილი, თავად გადასცეს მოსწავლეებს წიგნები და ეს მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს. საქართველოს კონსტიტუციით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუმცა, კონსტიტუციითვე განსაზღვრული პროცედურით, მხოლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

შესაბამის კანონში გაწერილია, რომ ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართლო იღებს. სასამართლოვე ადგენს, თუ ვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, მესაკუთრეს კი სათანადო კომპენსაცია ეკუთვნის. ამავე კანონის მიხედვით, ექსპროპრიატორი ქონების მეპატრონეს წინასწარ უთანხმდება კომპენსაციის წესის შესახებ და ქონებას მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე იღებს. მის მოვალეობაში შედის საბაზრო ღირებულების შესაბამისად კომპენსაციის თანხის დადგენა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. უთანხმოების შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობას სასამართლო ადგენს.

გრიფირების წესში გაწერილი 10%-ის ოდენობის ანაზღაურება ამ პირობას არღვევს, ისევე, როგორც განათლების სამინისტროს ამჟამინდელი ქმედება. გამონაკლისია ინგლისური სახელმძღვანელოების მწარმოებელი ბრიტანული გამომცემლობა მაკმილანი. ამ უკანასკნელთან სამინისტროს ადგილობრივი გამომცემლებისგან განსხვავებული კონტრაქტი აქვს, რომელიც საავტორო უფლებების თანამესაკუთრეობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სამინისტროს მაკმილანისგან ინგლისურის წიგნების შეძენა მოუწევს.

საგამომცემლო ბაზარზე სახელმწიფოს ამგვარი უხეში ჩარევა პრობლემატურია როგორც მყისიერი, ასევე გრძელვადიანი თვალსაზრისით.

თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, გამომცემლობები ფინანსურად დაზარალდებიან, მათ ნაწილს კი გაკოტრება ემუქრება. მინისტრი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გამომცემლობების მიერ გაწეული ღვაწლი გასული ცხრა წლის მანძილზე უკვე დაფასდა და მათ საკმარისი მოგება ნახეს. რეალურად, სახელმძღვანელოების ბაზარზე არსებული 17 მოთამაშიდან უმრავლესობისთვის შემოსავლების მთავარი ან ერთადერთი წყარო სწორედ სასკოლო წიგნებია. გამომცემელი ბაკურ სულაკაური ამბობს, რომ მის გარდა, პარაქტიკულად ყველა მოთამაშეს ამ ბაზარზე გაკოტრება ემუქრება, რადგან, დანარჩენებისგან განსხვავებით, სასკოლო სახელმძღვანელოები მისი გამომცემლობის მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 35%-ს შეადგენს.

სასკოლო წიგნები შემოსავლების 60%-ს შეადგენს ლოგოს პრესისთვის. გამომცემლობის დირექტორის, ლაშა ბერაიას თქმით, ამ ინიციატივის შედეგად, გამომცემლობა ვერ დაიბრუნებს ჩადებულ საინვესტიციო ხარჯებს ან მათ ნაწილს, ასევე ვერ გადაუხდის ავტორებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჰონორარს, ხოლო თუ გადაუხდის – გაცილებით ნაკლებს.

ავტორებისთვის გადასახდელი ჰონორარი საკითხის კიდევ ერთი მხარეა. გრიფირების წესის თანახმად, სამინისტრო გამომცემლობებს მთლიანობაში მილიონ ლარს გადაურიცხავს, რომელიც, მათ შორის, ავტორთა ჰონორარების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს. განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს მათი შრომის ანაზღაურებისთვის საკმარისი იქნება. მეტიც, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ავტორები გამომცემლებისგან ამ დრომდე „გროშებს" იღებდნენ. სახელმწიფო ამ უსამართლობის გამოსწორების პირობას დებს.

განსხვავებული გამოთვლები აქვთ თავად გამომცემლებს. მაგალითად, ლაშა ბერაია ამბობს, რომ ავტორები გათვალისწინებულზე დაახლოებით 20-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ. მისი თქმით, თუ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს ერთი წიგნიდან საშუალოდ ერთი ან ერთ-ნახევარი ლარი ხვდებოდა, ახალი გათვლებით, ეს თანხა 18 თეთრამდე დავა, რაც, თავის მხრივ, გამომცემლებსა და ავტორებს შორის უნდა გაიყოს. ლოგოს პრესის მონაცემებით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გამომცემლობას ავტორებისთვის ნახევარი მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ბაკურ სულაკაური კი ამბობს, რომ მხოლოდ შარშან, ავტორებს გამომცემლობებისგან მთლიანობაში 5 მილიონ ლარამდე აქვთ მიღებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტორის ჰონორარის გარდა, წიგნის თვითღირებულებას განსაზღვრავს სხვა საგამომცემლო და სასტამბო ხარჯები. მაგალითისთვის, სულაკაური ამბობს, რომ მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს დეველოპმენტში, ხელფასების ფონდის გარდა, გამომცემლობას 20 ათასი ლარი დაეხარჯა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც გამომცემლები საუბრობენ, ე.წ. ნაშთებია – ხუთწლიანი გრიფის მქონე სახელმძღვანელოების მარაგი, რომლებიც უკვე დაბეჭდილია. გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნაშთების შესყიდვაზე გამომცემლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. თუმცა, ამ უკანასკნელთა ცნობით, სახელმწიფოს წიგნების შესყიდვა სასტამბო ღირებულებაზე ნაკლებად უნდა.

გამომცემლობები ჩივილს აპირებენ. ამასთან, გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აპირებს, წერილით მიმართოს გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციას და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის შესახებ შეატყობინოს.

ზოგადად, საავტორო უფლებების არსებობა დებატის თემაა. არსებობს არგუმენტები, რომლის მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრება მატერიალური საკუთრებისგან განსხვავდება, რადგან შეზღუდული რესურსი არ არის და მისი სხვების მიერ გამოყენებით ან კოპირებით ორიგინალს არაფერი აკლდება. ევროპაში საავტორო უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკური მოძრაობაც არსებობს, მაგალითად, შევედეთის პირატულმა პარტიამ (Pirate party) 2009 წლის არჩევნებზე, ტორენტ-საიტ the piratebay-ს მესვეურების საავტორო უფლებების დარღვევისთვის გასამართლების შემდეგ, ხმების 7.3% მიიღო და ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს პარტიადაც იქცა. შვედების მაგალითს კიდევ ოცდაათამდე ქვეყნის პოლიტიკური პარტიები მიჰყვნენ. ასევე არსებობს ე.წ. თავისუფალი კულტურის მოძრაობა, რომელიც საავტორო უფლებების დამცველი კანონების წინააღმდეგია.

კრიტიკოსები ინტელექტუალურ საკუთრებას ინტელექტუალურ პროტექციონიზმსა და სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილ მონოპოლიად მოიხსენიებენ, რაც, მათი აზრით, საზოგადოებას აზარალებს. ამ ლოგიკით, ინტელექტუალური პროდუქტის ყველას მიერ ფლობა სამართლიანია, რადგან ეს სასარგებლო იდეების გავრცელებას, გამოყენებასა და განვითარებას უწყობს ხელს. საპირისპიროდ, საავტორო უფლება ზღუდავს რეალურად ამოუწურავ რესურსს და ინფორმაციის გამოყენების, შესწავლის, კოპირებისა და გავრცელების, მისი სახეცვლილების და გაუმჯობესების უფლებას ლახავს.

თავის მხრივ, ინტელექტუალური საკუთრების დამცველები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მონოპოლიური პრივილეგიის გარეშე, შემოქმედებითი სტიმული და ინვესტიციების ჩადების სურვილი გაქრება. კრიტიკოსებს კონტრარგუმენტი აქვთ: ინტელექტუალურ პროდუქტზე მონოპოლიური პრივილეგიის შესახებ კანონები თანამედროვე ერამდე არ არსებობდა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა წიგნების, ნახატების, მუსიკის შექმნას თუ გამოგონებებს.

ამასთან, მსგავსი მონოპოლია მოძველებული მექანიზმია ციფრულ ეპოქაში, სადაც, ინტერნეტის დამსახურებით, ცენზურა გადაულახავ წინააღმდეგობებს აწყდება. ამ გამოწვევის მიუხედავად, არსებული კანონები საავტორო უფლების ვადებს ათწლეულებზე განავრცობს. მაგალითად, პირველი ასეთი, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ 1710 წელს მიღებული ანას კანონი ინტელექტუალურ პროდუქტზე 14-წლიან მონოპოლიას ითვალისწინებდა. ისევე, როგორც მოგვიანებით აშშ-ში. დღეისთვის ბერნის კონვენცია მოქმედებს, მისი მიხედვით, მონოპოლია, ავტორის სიცოცხლის გარდა, მისი გარდაცვალებიდან 50 ან 70 წლის მანძილზეა ძალაში. 70-წლიანი ვადა მოქმედებს საქართველოშიც.

ჩვენს შემთხვევაში, „მეკობრის" როლში სახელმწიფო გვევლინება, შედეგად, ინტელექტუალურ პროდუქტზე საკუთრების უფლება არათუ ფართოვდება, არამედ მონოპოლიზდება და მის ხელში გადადის. სახელმძღვანელოების ნაციონალიზაცია კი, უშუალოდ გამომცემლობების დაზარალების გარდა, გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

ასეთ რისკებს შორისაა ხარისხის ვარდნა და ალტერნატივების შემცირება, ან საერთოდ გაქრობა. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ შეიქმნება ახალი წიგნები მას შემდეგ, რაც არსებულ სახელმძღვანელოებს გრიფის ვადა ამოეწურებათ, გამომცემლობები კი ინვესტიციას წაგებიან ბიზნესში აღარ ჩადებენ. უკვე გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო თავად შექმნის გამომცემლობების ალტერნატიულ ორგანოს, რომელიც სახელმძღვანელოებს დაამზადებს. შედეგად, კონკურენციის არარსებობა ხარისხზე აისახება, ცენტრალიზებულად წიგნების შექმნა კი სკოლებს არჩევანს შეუზღუდავს – საეჭვოა, სახელმწიფო ორგანომ ერთ საგანში რამდენიმე ალტერნატიული წიგნი შექმნას.

კითხვაზე, როგორ მოხერხდება არჩევანის უზრუნველყოფა, განათლების სამინისტროში გვპასუხობენ, რომ წიგნებს „სკოლების მიერ არჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით" დაბეჭდავენ. გაუგებარი რჩება, რას აირჩევენ სკოლები, როდესაც სახელმძღვანელოების გრიფს ვადა ამოეწურება, ახლის შექმნას ან ძველის გაუმჯობესებას კი ამ პირობებში ცოტა თუ გარისკავს. ამ გზით, დიდი ალბათობით, თითოეულ საგანში ერთ, უალტერნატივო სახელმძღვანელოსთან მივალთ.

კიდევ ერთი რისკი კორუფციის საფრთხეს უკავშირდება – წიგნების დამზადებისა და ბეჭდვის სახელმწიფოს ხელში მონოპოლიზება, ზრდის მისი მხრიდან ავტორების და სტამბების შერჩევისას პოლიტიკური ან კორუფციული მოტივებით ხელმძღვანელობის საფრთხეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმძღვანელოების ბაზრიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც 15 მილიონამდე ლარს შეადგენდა, ბიუჯეტს აკლდება. რომ არაფერი ვთქვათ საგანმანათლებლო სფეროში რეინვესტიციის შესაძლებლობაზე – გამომცემლები ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა მიღებულ მოგებას იმავე ბიზნესის განვითარებაში აბანდებდა. ამასთან, შემოსავლების კლება არა მხოლოდ სახელმძღვანელოების, არამედ ზოგადად წიგნების გამოცემაზე იმოქმედებს უარყოფითად.

კითხვები ჩნდება პროექტის მასშტაბებთან და გამოყოფილი თანხების შესაბამისობასთან დაკავშირებითაც. სამინისტრო, რომელსაც აქამდე სოციალურად დაუცველი 100 ათასი ბავშვის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისთვის 10 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, ამ პროექტის 12 მილიონ ლარად განხორციელებას აპირებს. ბაკურ სულაკაური ამბობს, რომ გათვლები არასწორია. მისი თქმით, მხოლოდ მაკმილანისთვის ინგლისური სახელმძღვანელოების შესყიდვისთვის საჭირო თანხა 10 მილიონ ლარს აღემატება. ამას გარდა, სამინისტრო 12 მილიონ ლარში არ გულისხმობს დისტრიბუციის ხარჯებს, შესაბამისად, გამოყოფილი თანხები წიგნების დაბეჭდვას, მაკმილანისგან შესყიდვას და პროექტის ლოგისტიკურად უზრუნველყოფასაც კი არ ყოფნის.

გათვლებზე საუბრისას, აღსანიშნავია პროექტის შესაბამისობა სკოლებში მოსწავლეთა რეალურ რაოდენობასთან. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ის სახელმძღვანელოებს 650 ათასი მოსწავლისთვის ბეჭდავს, მაშინ როდესაც, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დაახლოებით 100 ათასით ნაკლები მოსწავლეა, ხოლო თუ მხოლოდ საჯარო სკოლებს ავიღებთ – 145 ათასით ნაკლები. სამინისტროში ამას იმით ხსნიან, რომ საჯაროს გარდა, წიგნები გათვალისწინებულია კერძო სკოლების სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, საინგილოსა და გალის რაიონის სკოლების ქართველი მოსწავლეებისთვის. ამასთან, მათი თქმით, რახან პირველკლასელთა რეგისტრაცია არ დასრულებულა, ჯერ უცნობია, რამდენი ბავშვი შევა წელს სკოლაში. თუ მხედველობაში მივიღებთ სტატისტიკას, რომლის მიხედვით მოსწავლეთა რაოდენობა ყოველ წელს იკლებს (მაგალითად, 2009 წელთან შედარებით, სკოლებში 2011 წელს დაახლოებით 56 ათასით ნაკლები ბავშვი სწავლობდა), ჩნდება ეჭვი, რომ სამინისტროს სათანადოდ გათვლილი პროექტი არც ამ კუთხით აქვს. ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა რაოდენობის ამსახველი სტატისტიკა სამინისტროს ვებგვერდიდან კითხვების გაჩენისთანავე გაქრა.

სამინისტროს ნარატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე სოციალური სამართლიანობის არგუმენტია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის დიდ ნაწილში მოწონებით ისარგებლებს – ერთი შეხედვით, ბავშვებისთვის წიგნების მიცემა კეთილშობილური საქმეა, ფულის დაზოგვაზე უარს კი ცოტა მშობელი თუ იტყვის.

სახელმწიფო მიიჩნევს, რომ რადგან დაწყებითი განათლების მიღება ყველას უფლებაა, ის ვალდებულია, ამ მიმართულებით განახორციელოს არა მიზანმიმართული, არამედ საყოველთაო პროგრამები. ამ მიდგომის შედეგად გამოდის, რომ ფული, რომელიც იხარჯება მათზე, ვისაც უფასო წიგნი არ სჭირდება, რეალურად კვლავ სოციალურად დაუცველებს ან მოსახლეობის შედარებით გაჭირვებულ ფენას აკლდება. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბიუჯეტი გაჭირვებული ადამიანების გადასახადებითაც ივსება, ფული კი მათზე იხარჯება, ვისაც ამის გადაუდებელი საჭიროება არ აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო მიზნობრივ ჯგუფებზე მიმართულ პროგრამას განახორციელებდა და საქართველოში არსებულ 560 ათასამდე მოსწავლეს შემოსავლების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად დაყოფდა, შეძლებდა, 100%-ით დაეფინანსებინა ყველაზე გაჭირვებული ნაწილი და თანადაფინანსებით უზრუნველეყო შედარებით მეტი შემოსავლის ჯგუფები, ხოლო ყველაზე მდიდრების ჯგუფში მოხვედრილი ოჯახებისთვის უფასო სახელმძღვანელოები არ მიეცა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს გამოყოფილი 12 მილიონი ლარიდან რამდენიმე მილიონი ლარით მეტი დარჩებოდა კვლავ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე მიმართული ან, ზოგადად, საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შესაძლოა, კეთილშობილური მოტივია, მაგრამ არსებობს სხვა პირველადი მოხმარების საქონელიც, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ – იქნება ეს წამლები, სურსათი თუ ტანსაცმელი. სახელმწიფო, სახელმძღვანელოებზე მისი ლოგიკის საპირისპიროდ, მათ ადმინისტრაციული მეთოდებით წარმოებასა და დისტრიბუციას არ ახდენს. ეს საქონელი ბაზარზეა მინდობილი და შედეგი აჩვენებს, რომ სწორედ ამან უზრუნველყო მათი ხარისხის ზრდა და ფასის შემცირება, შედეგად – მასობრივი ხელმისაწვდომობა. ეს წესი სახელმძღვანელოების ბეჭდვაზეც ვრცელდება, იმისდა მიუხედავად, დაიცავს თუ არა გამომცემლების საკუთრების უფლებას სახელმწიფო.

ჯამში, საგამომცემლო ბიზნესთან ერთად, ზარალდება მომხმარებელიც, რომელსაც არჩევანი შეეზღუდება. ზარალდებიან სოციალურად დაუცველებიც, რომლებიც, მიზანმიმართული პროგრამის შემთხვევაში, მეტ ბენეფიტს მიიღებდნენ. უფრო გლობალურად კი, სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების გადაბარება ქვეყნის იმიჯსა და მიმზიდველობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კომენტარები