რეკრუტების პალდოს სამხედრო ბაზიდან წამოსვლასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, რეკრუტებმა, რომლებმაც სამხედრო ბაზა დატოვეს, მაღალ კონკურენციას ვერ გაუძლეს. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის შესარჩევ კონკურსში 600 ვაკანტურ ადგილზე 4383 განაცხადი შემოვიდა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალები არჩევს ღირსეულ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლო უნდა დაიცვან. პალდოს ბაზაზე მყოფმა რეკრუტების ნაწილმა (60 რეკრუტი), რომლებიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მათი ბაზიდან დათხოვნის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.




