სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს 2012 წლის ანგარიში გააცნო. მისი თქმით, გასული წლის შეფასებისას, არჩევნების შემდეგ რამდენიმე სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა ახალი პრობლემური მიმართულებებიც დაფიქსირდა.
ნანუაშვილმა ისაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში ციხეებში 67 პატიმარი გარდაიცვალა, რაც მაღალი მაჩვენებელია. სახალხო დამცველი მიესალმება პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასა და ამნისტიით 12 000-მდე პატიმრის გათავისუფლებას.
ნანუაშვილის თქმით, ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შესწავლილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერსესის მქონე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, საუბარია თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიასა და სხვა პირთა საქმეებზე, რომელთა შესახებ საკუთარი რეკომედაციები საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე გადაუგზავნა მთავარ პროკურატურას.
სახალხო დამცველი ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურში მომხდარი მოვლენები შეისწავლოს.
2012 წელი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოირჩეოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლების უფლებების დარღვევების უპრეცედენტო სიმრავლით. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი წარმოადგენდა.
ომბუდსმენის განცხადებით, 2012 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა, თუმცა არასასურველ ტენდენციად ჩამოყალიბდა რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენის გამოყენება და ქსენოფობია.
სახალხო დამცველმა 776-გვერდიანი ანგარიში პარლამენტს 30 მარტს წარუდგინა.





