აფხაზეთი

სოჭში ქართველი და რუსი სასულიერო პირები ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს შეხვდნენ

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ცნობით, 28 მარტს სოჭში ქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდნენ. 
შეხვედრას ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონი ესწრებოდნენ. 
„შეხვედრის მონაწილეებმა აზრები გაცვალეს არსებული სიტუაციის და აფხაზეთში მართლმადიდებლობის განვითარების პერსპექტივების თაობაზე. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი აზრი გამოხატა არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების.
საუბრის დროს აფხაზეთის პრეზიდენტმა ანქვაბმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის სასულიერო პირების და აფხაზეთის მართლმადიდებელი ხალხის სასულიერო კავშირები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიდი ხანია დაიკარგა და ისინი ვეღარ აღდგება“, – იუწყება რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი. 
როგორც მიტროპოლიტმა ილარიონმა შეხვედრაზე აღნიშნა, პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია „მხოლოდ საეკლესიო კანონების მკაცრი დაცვის საფუძველზე“.
მეუფე სერაფიმემ კი, ხაზი გაუსვა სამშვიდობო ღვთისმსახურების აუცილებლობას, რომელიც მიმართულია ხალხებს შორის მეგობრობის გამყარებისკენ.
რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „სხვადასხვა ფორმატებში ამ საკითხზე კონსულტაციების და შეხვედრების“ შემდგომი გაგრძელების საჭიროებას.

კომენტარები