დაკავება

მელორ ვაჩნაძე დააკავეს

ლაგოდეხში დააკავეს მელორ ვაჩნაძე, რომელმაც პოლიტპატიმრის სტატუსით რამდენიმე თვის წინ დატოვა რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულება. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო Front News-მა გაავრცელა. ტაბულა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც ვაჩნაძის დაკავების ფაქტი დაადასტურა.
ცნობილი გახდა, რომ საპატრულო პოლიციამ ავტომობილი, რომელსაც ვაჩნაძე მართავდა, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო გააჩერა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ამ მომენტისთვის ვაჩნაძე გურჯაანის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.
Front News-ი იუწყება, რომ მელორ ვაჩნაძე თავს უკანონოდ დაკავებულად მიიჩნევს და თვლის, რომ შესაძლოა ბრალი დაუმორჩილებლობის მოტივით წაუყენონ, რაც ადმინისტრაციულ ფულად ჯარიმასთან ერთად 3-თვიან პატიმრობასაც ითვალისწინებს. 
მელორ ვაჩნაძემ რუსთავის მე-17 დაწესებულება პარლამენტის მიერ განხორციელებული ამნისტიის შედეგად 13 იანვარს დატოვა. მოძრაობის "შემოგვიერთდი" ლიდერი თაღლითობისა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2009 წლიდან იხდიდა სასჯელს. 
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ვაჩნაძე ადმინისტრაციული გადაცდომის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2013 წლის 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ძალადობის ფაქტის გამო დააკავეს. თუმცა მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები