მედია

მედიის განვითარების ფონდი და ALPE რუსთავი 2-ის სიუჟეტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფონდი ALPE 26 მარტს, რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. სიუჟეტი 20 მარტს ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლულ ქალბატონს ეხებოდა.

"ადამიანის ერთგვარი გასამართლების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ სიუჟეტში მკვლელის დედის დადანაშაულება მკვლელობის წახალისებაში, დედამთილისა და რძლის თანამშრომელთა და ბაგა-ბაღის მშობელთა ნაწილის მიერ გაკეთებული კომენტარების და მათ მიერ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ხელმოწერების შეგროვების საფუძველზე. ამ უკანასკნელს კიდევ უფრო ამძაფრებს ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ისეთი კომენტარი, როგორიცაა "სამუშაო ადგილი მამაკაცის დედას ამ დრომდე არ დაუტოვებია" და ერთ-ერთი მშობლის კომენტარი გარდაცვლილის დედამთილის საეჭვო ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მით უფრო, რომ ეს ყველაფერი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ემოციურ ფონზე ხდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის განვითარების ფონდისა და ALPE-ს განსაკუთრებულ შეშფოთებას ის იწვევს, რომ ეს ფაქტი ქვეყნის წამყვანი ტელეკომპანიის ეთერში მოხდა, რომელსაც საზოგადოებრივ აზრსა და ჟურნალისტურ პრაქტიკაზე დიდი გავლენა აქვს.

კომენტარები