საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში ბარაკების ტიპის დასახლებაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ელგუჯა სიხარულიძის ოჯახს ესტუმრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავარიულ სახლში, სადაც სახურავიდან წყალი ჩამოდის, 6-სულიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილი ოჯახს დახმარებას პრეზიდენტის ფონდიდან დაჰპირდა. "ეს კვარტალი მთლიანად უნდა გადასახლდეს, მაგრამ ამისათვის, უპირველესად, საჭიროა, რომ ბათუმს ბიუჯეტი აღუდგეს. ბარაკების აღების პროგრამას მთლიანად 80 მილიონი სჭირდება და თუკი ბათუმის ბიუჯეტს დაუბრუნდება ის 120 მილიონი ლარი, რომელიც მოაკლეს, შესაძლებელი გახდება ამ პროგრამისთვის თანხის გამოყოფა და ბარაკების პრობლემა საერთოდ აღარ გვექნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ბინათმშენებლობას. მთავარია, ახლა ბათუმის მერიამ ყველა დაზარალებულს უპოვოს ბინა და რასაც მერია ვერ გადაიხდის, მწირი შესაძლებლობის მიუხედავად, პრეზიდენტის ფონდიდან დავამატებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ რომ შტორმის შედეგად ბათუმს ხუთ მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა.





