საკონსტიტუციო ცვლილებები

ბაქრაძე: თუ უმცირესობა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდება, ქვეყანა ვერ დაწყნარდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის შინაარსზე განსხვავებული შეხედულებები უმცირესობასა და უმრავლესობას არ აქვთ. ბაქრაძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში პრობლემურად ის ფორმა იქცა, რა ფორმითაც უმრავლესობა ცვლილებების გატანას ცდილობს.

”ის ფაქტი, რომ 2010 წელს მივიღეთ ჩვენ ცვლილებები, რომელშიც ეს მექანიზმი აღარ არის ჩადებული, ჩვენს დამოკიდებულებას უკვე განსაზღვრავს ამ გადაწყვეტილების და ამ ცვლილების მიმართ. ჩვენ მიერ მიღებულ 2010 წლის დოკუმენტში ეს ცვლილებები დევს, ამიტომ დავა იმის მიმართ, შინაარსის მიმართ რა დამოკიდებულება გვაქვს და როგორ ვუყურებთ, ვფიქრობ, ზედმეტია”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, თავად ფაქტი, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის გამოსვლებში არ ჩანს არავითარი მოლოდინი და პერსპექტივა, რომ აპრილში პრეზიდენტი მთავრობას დაითხოვს, ადასტურებს, რომ დღევანდელ სხდომაზე დავა არასწორი მიმართულებით არის წარმართული.

”მე შემიძლია კიდევ უფრო მეტიც გითხრათ. მე არ გამოვირჩევი მკვეთრი განცხადებებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომერიდება, აბსოლუტურად ღიად, საჯაროდ და მკვეთრად განვაცხადო ჩემი პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ თუ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ამ მექანიზმის გამოყენებით, პრეზიდენტი მოახდენს მთავრობის დათხოვნას და ფორმირებას პარლამენტის გარეშე, ჩემს ადგილს მის პოლიტიკურ გუნდში ვერ დავინახავ - ამას ვამბობ მკვეთრად ღიად და საჯაროდ!” - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, დღეს უმცირესობა და უმრავლესობა დავობს იმაზე, რაც გარკვეული პოლიტიკური პროცესის გამო გახდა პრინციპული ორივე მხარისთვის: ”თქვენთვის გახდა პრინციპული, რომ ეს გაიტანოთ ამ ფორმით, ჩვენთვის გახდა პრინციპული, რომ რაღაც ფორმით ჩვენც ვიყოთ თანამონაწილეები ამ პროცესში. თანამონაწილეობის თემიდან გადავდივარ ამ საკითხის მეორე ასპექტზე, ეს არის ფორმა, იმიტომ რომ პოლიტიკაში ხშირად ხდება, როდესაც შინაარსი ხდება ფორმის მსხვერპლი და ფორმის მძევალი”, - მიმართა ბაქრაძემ უმრავლესობას.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, უმრავლესობის წევრების მხრიდან ორი თვის განმავლობაში ისმოდა, რომ უმცირესობის პოზიციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ცვლილებები მაინც გატანილი იქნება:

”როცა ისმენ, რომ ეს საჭიროა იმისთვის, რომ შენს შვილებს თვალებში ჩახედო და შენმა ოჯახმა ამ ქვეყანაში ცხოვრება გააგრძელოს. როდესაც ისმენ, რომ შენ ხარ წარსულზე ჩამოკიდებული და დაღუპული და დაკარგული ადამიანი და რომ შენი პირადი შანსი არის ამ ცვლილებების მხარდაჭერაა, უკაცრავად, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ასე ადამიანები ხმას არ აძლევენ პარლამენტში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღესაც ამ დარბაზში გამომსვლელებმა ვერ გაუძლეს ცდუნებას, კიდევ ერთხელ გამოეყენებინათ ეს გამოსვლები ჩვენზე შეტევისთვის, ჩვენი შეურაცხყოფისთვის, იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რომ არანაირი ღირებულება არ აქვს ჩვენს პოზიციას. თუ თქვენ გინდათ, რომ ამ კონკრეტულ საკითხში, სადაც შინაარსთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული პოზიცია არ გვაქვს, დავიკავოთ ერთი და იგივე პოზიცია, პატივი ვცეთ ერთმანეთს. პატივი ვცეთ ფორმას, პატივი ვცეთ იმ ურთიერთობას, რომელსაც ერთმანეთს ვთავაზობთ. გადავიდეთ კონკრეტულ საკითხზე, რასაც ჩვენ გთავაზობთ, თვეების მანძილზე იყო საუბარი იმაზე, რომ უმრავლესობას გააჩნია საკმარისი ხმები იმისთვის, რომ ეს ცვლილებები გაიტანოს. რომ ოპოზიციით ან მის გარეშე ეს ცვლილებები გატანილი იქნება და რომ უმცირესობაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც მიუხედავად ფრაქციული პოზიციისა, მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს. დღეს მივედით იმ პოზიციამდე, როცა ალბათ ჩვენც კარგად დავინახავთ და თქვენც უნდა აღიაროთ, რომ ეს ასე არ არის”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ უმრავლესობას სარეიტინგო კენჭისყრა შესთავაზა იმის დასადასტურებლად, რომ ”ეს ასე არ არის, და რომ ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა ამ პარლამენტში. ჩვენ გუშინ გვქონდა 20-25 კენჭისყრა, მეგობრებო, რომელიმეს გახსოვთ რამდენი კენჭისყრა გვქონდა? რომელიმემ იცით ხვალ რამდენი კენჭისყრა გვექნება? რატომ გახდა ეს ერთი 30-წამიანი კენჭისყრა ასეთი პრინციპულად მიუღებელი თქვენთვის? ის კენჭისყრა, რომელიც გაგვიხსნის გზას, ერთ პოზიციაზე დავდგეთ და რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულ იქნას მართლაც ხმების უმრავლესობით და პოზიციის თანხმობით და არა ისე, რომ ვიღაცა გადაიბირონ ან თუნდაც ჩავარდეს. ჩავარდნაც არ არის კარგი, არც თქვენთვის, არც ჩვენთვის, არც ქვეყნისთვის. ამიტომ, რატომ გახდა ეს ასეთი პრინციპული, თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია, თუ მართლაც, თქვენ ამტკიცებთ, ქვეყნის ბედი ამაზე კიდია, თუ ამაზე კიდია სტაბილურობა, თუ ამაზეა დამოკიდებული ამ მთავრობის მუშაობა”, - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

”გადმოდგით ნაბიჯი, ძვირფასო კოლეგებო, ერთი მცირე ნაბიჯია გადმოსადგმელი, თუ ამ ცვლილებების ამოცანას თქვენ ხედავთ იმაში, რომ ქვეყანა დამშვიდდეს და დაწყნარდეს, ამ დაწყნარებას და დამშვიდებას სჭირდება თქვენი და ჩვენი შეთანხმება. მხოლოდ თქვენი ხმებით, თუნდაც 100 ხმა მოაგროვოთ, ქვეყანა ვერ დაწყნარდება, თუ არ შევთანხმდით ოპოზიცია და უმრავლესობა, რომ ქვეყანა წყნრდება და მშვიდდება, თუ თქვენი ამოცანა არის, რომ დამშვიდდეს ყველაფერი, მაშინ უნდა ვითანამშრომლოთ, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და ვთქვათ რომ ქვეყანა წყნარდება და ამ ცვლილებების მიღება არის ამის კონკრეტული გამოხატულება”, - განაცხადა ბაქრაძემ. 

კომენტარები