„ეს აკვიატება არ არის თქვენი აკვიატება, ეს ბელადყოფილის აკვიატებაა. გათავისუფლდით“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა უმცირესობის წევრებს საპარლამენტო სხდომაზე, სადაც კანონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის ტექსტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ის ნიშნავს, რომ „უნდა მოიძებნოს ნებისმიერი საბაბი, რათა ცვლილება არ გავიდეს“.
დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის უფრო მეტი წარმომადგენელია, ვიდრე მათ რეალური მანდატი აქვთ საზოგადოებისგან.
„ყველა კვლევით, მათ შორის იმ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით, რომელთა მიმართაც ნდობა გქონდათ და ამბობთ, რომ ახლაც გაქვთ, კოალიცია ქართული ოცნების რეიტინგი 60%-ზე მეტია. ბარიერის მიდამოებში ბრძანდებით, მეგობრებო, თქვენი შედეგები ერთნიშნაა. როდესაც 6-ჯერ მეტია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ნდობა და მოლოდინი, რომ ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანენ, ბუნებრივია, ამ დარბაზში პროპორცია ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის არ ასახავს ამ პროპორციას. თქვენ დღეს მეტნი ხართ აქ შერჩენილნი, ვიდრე ქართველი ხალხის მანდატი გაქვთ. ამიტომ, ამ ვითარებაში მყოფ პოლიტიკურ ჯგუფს, ცალკეულ თქვენგანს თუ აქვს პრეტენზია კვალიფიციურ პოლიტიკურ მომავალზე, მაშინ არ უნდა ეძებდეთ აკვიატებებს, რატომ ვერ მისცემთ ხმას იმას, რასაც ამბობთ, რომ სწორია“, - მიმართა ბერძენიშვილმა უმცირესობის წევრებს.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით განიხილავს უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს. დღესვეა დაგეგმილი კენჭისყრის ჩატარება. ამასთან, ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომაზე სარეიტინგო კენჭისყრის ინიციატივა დააყენა.





