საკონსტიტუციო ცვლილებები

მერაბიშვილი: სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება აჩვენებს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლება თუ ქვეყანაზე და ხალხზე ფიქრობს, მისთვის არ უნდა იყოს პრინციპული, ჩატარდება თუ არა სარეიტინგო კენჭისყრა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება გადადგამს ამ ნაბიჯს, ამით დაანახებს საქართველოს მოსახლეობას, რომ მზადაა, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და გაითვალისწინოს უმცირესობის აზრი. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ხელისუფლებას ეს ცვლილებები, მაგრამ ვინაიდან ასეთი აკვიატება აქვთ, კენჭისყრა უნდა ჩაატარონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს, ქართულ ოცნებას მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. ამჟამად ქართულ ოცნებას 83 დეპუტატი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 53 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში.

როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 მარტის მიმართვაში, სარეიტინგო კენჭისყრა ნაციონალურ მოძრაობას იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ ისინი არ გატყდნენ, მიუხედავად დეპუტატებზე უპრეცედენტო ზეწოლისა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სარეიტინგო კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, თუ რამდენი ხმა აკლდება ქართულ ოცნებას და ისინი მზად არიან, ეს ხმები დაუმატონ.

სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს. 20 მარტს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ამის გარეშეც ცხადია, რომ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტი ვერ გავა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება.

თავის მხრივ, სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: ”თუ უნდათ ხმა მისცენ, თუ არ უნდათ არ მისცენ. თავის პარტიას, თავის სახეს აჩვენებენ ესენი მხოლოდ. არავის არ მოუთხოვია მათთვის ხმები. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან. და არ ჭირდება ამას ზედმეტი დარეკლამება”.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს, 21 მარტს განიხილავს. დღესვეა დაგეგმილი კენჭისყრის ჩატარება.

 

კომენტარები