მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ თენგიზ გუნავას ნარკოტიკისა და იარაღის შენახვის ბრალდება მოუხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას პროკურატურამ ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოუხსნა. პროკურორებმა ამის შესახებ დღეს, 13 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადეს.

მათი თქმით, აღნიშნულ საქმეში გამოკვეთილია სხვადასხვა პროცესუალური დარღვევები, რის გამოც ბრალდება უნდა შეწყდეს. პროკურატურა აცხადებს, რომ გუნავას დაკავება და ჩხრეკა საპროცესო კოდექსის ნორმათა უხეში დარღვევით წარიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ამ ეპიზოდში ძიების შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა მოსაზრება, რომ გუნავას პოლიციელებმა ჩაუდეს იარაღი. მათი თქმით, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი ძიებამ უნდა დაადგინოს.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა 2012 წლის ოქტომბერში დააკავეს იარაღის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით. გუნავამ პროკურატურაში იჩივლა და განაცხადა, რომ მას იარაღიც და ნარკოტიკებიც პოლიციელებმა „ჩაუდეს“.

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუნავას საჩივარზე 2012 წლის 21 დეკემბერს დაასრულა ძიება და სამსახურიდან 5 თანამშრომელი გაათავისუფლა.

პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მტკიცებულების ფალსიფიკაციის ან სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყვეტილად გამოცხადდა.

 

კომენტარები