აგრარული უნივერსიტეტი

მარგველაშვილი: დარღვევების გამოსწორება ქოფი-ფეისთით თორმეტ-ნახევარ წუთში შეიძლებოდა

განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის ეთერში აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაციის სტანდარტის შვიდი დარღვევა გამოავლინა. მათი უმეტესობა კი იმდენად მარტივია, რომ ქოფი-ფეისთით ან ქოფი-ქათით თორმეტ-ნახევარ წუთში შეიძლება მოგვარდეს. მიუხედავად ამისა, მინისტრი დარწმუნებულია, რომ საბჭომ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როცა მისთვის მინიჭებული უკიდურესი უფლება გამოიყენა და უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა.
ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან გამოვლენილი დარღვევებიდან ყველაზე დიდი დრო მარგველაშვილმა უნივერსიტეტის მხრიდან უნივერსიტეტის შიდა წესებში ჩანაწერს დაუთმო, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი უფლებას იტოვებდა, სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტისთვის სტუდენტის სტატუსი შეეჩერებინა. განათლების მინისტრი ამ ჩანაწერს სტუდენტების კონსტიტუციური უფლების დარღვევად აფასებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ნიშნით გარიცხული აღმოჩნდა 609 სტუდენტი, - აღნიშნავს მინისტრი. თუმცა ეთანხმება წამყვანის დაკვირვებას, რომ ამ ხნის განმავლობაში არცერთ სტუდენტს არ უჩივლია და ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ბევრ სხვა ადამიანსაც არ უჩივლია სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ სტუდენტები გამოცდებშიც ჩაჭრილიყვნენ, როგორც ამას უნივერსიტეტი განმარტავს, თუმცა განათლების მინისტრისთვის ეს არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია.
მინისტრის თქმით, ავტორიზაციის საბჭოს უნივერსიტეტისთვის მარტის ბოლომდე რომ მიეცა ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა, ამით არაფერი დაშავდებოდა და ზიანი არავის მიადგებოდა. თუმცა, თავისთავად იმაში, რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ მიიღო, გასაოცარი არაფერია, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ბევრ სხვა უნივერსიტეტსაც გაუვლია და ამის შესახებ განგაშის ატეხა სწორი არ არის. „ეს პუნქტები უნდა გამოსწორდეს. მერე ხელახლა შეიტანონ განაცხადი და ეცადონ, მიიღონ ავტორიზაცია. არ გვინდა აპოკალიფსი, რასაც მთელი დღე თხზავდნენ“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება 12 მარტს, დილის ხუთ საათზე, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო. სტუდენტები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

კომენტარები