აგრარული უნივერსიტეტი

საერთაშორისო გამჭვირვალობა: დარღვევების რელევანტურობა კითხვებს აჩენს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა: "განათლების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფისკენ მიმართული საქმიანობა ზოგადად მისასალმებელია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი ინვესტირების ფონზე, უკანასკნელ პერიოდში აგრარულ უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის არსებითი გაუმჯობესება მოხდა და აქამდე არაპოპულარულ დარგებზე აბიტურიენტების მოთხოვნა გაიზარდა, გაუგებარია, თუ რა საჭირო იყო ამგვარი მკაცრი ზომების მიღება უნივერსიტეტის მიმართ. არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს უნივერსიტეტის მართვაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას, რაც მეტად შემაშფოთებელია. სასწავლო პროცესის ამგვარი შეფერხება და მზარდი სასწავლო დაწესებულებისთვის ბარიერების შექმნა დააზარალებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას და უმაღლეს სასწავლებლებზე პოლიტიკური ზეგავლენის საფრთხეს შექმნის".

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რის შედეგადაც გაიზარდა უნივერსიტეტის პოპულარობა: 2012 წელს მიღებულ სტუდენტთა ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით უნივერსიტეტი ქვეყნის წამყვანი სასწავლო დაწესებულებების პირველ ათეულში მოხვდა. ამასთან, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ დარღვევების რელევანტურობა და მათ საფუძველზე უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება კითხვებს აჩენს. "ამასთან, ვთხოვთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკითხის უმტკივნეულოდ და კანონის შესაბამისად გადაწყვეტა", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები