აგრარული უნივერსიტეტი

ქანთარია: ავტორიზაციის შესახებ პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი, ნუკრი ქანთარია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე პასუხი არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს არ შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.

„განათლების სამინისტროს მიმართეთ იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რის გამოც შეუჩერეს ავტორიზაცია. იქ გაგცემენ კომპეტენტურ პასუხს. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ არავითარი პოლიტიკური ნიშანი ამაში არაა - შეუძლებელია, რომ იყოს. თუ აღმოფხვრიან იმ ხარვეზებს, ისევ გაუგრძელდებათ მერე და შეიტანენ თავიდან. დანარჩენი, რა ხარვეზებია, რა ხარისხის და როგორ, ამაზე მე არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ არ ვიცი. ეს იცის განათლების სამინისტრომ, იცის აღმასრულებელმა“, - ამბობს დეპუტატი.

კითხვას, აპირებს თუ არა განათლების კომიტეტი ამ საკითხით დაინტერესებას, ნუკრი ქანთარია პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ პარლამენტში წერილი შევა:

„თუ შემოვა ჩვენთან წერილი, რომ გთხოვთ დაინტერესდეთ, მაშინ ჩვენ გამოვითხოვთ, თუ რის საფუძველზე შეუჩერდა. მათ არავითარი ვალდებულება არ აქვთ, საკანონმდებლო ორგანოს გვითანხმონ, როგორ იმუშაონ, ვის შეუჩერონ და ვის არა. ამიტომ პასუხისმგებლობა არის აღმასრულებელზე.

დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის. პოლიტიკური დევნით რომ გვდომოდა, ძალიან ბევრი რაღაცეები სხვანაირად იქნებოდა მაშინ. არაფერი პოლიტიკური ამაში არ არის. შეიძლება ხვალ სხვა აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში, ზეგ სხვა. ეს არის განთლების სამინისტროს სამუშაო და თუ თვითონ არის შეცდომა, ეს ცალკე საკითხია და მერე ალბათ გაირკვევა -ამისთვის უამრავი ინსტანცია არსებობს, მათ შორის ჩვენც“, - აცხადებს ქანთარია.

 

კომენტარები