აგრარული უნივერსიტეტი

მარგველაშვილი: თუკი არ მოებმება ამ ყველაფერს პოლიტიკური კუდი, ყველაფერი კარგად იქნება

"აკრედიტაცია არ არის დასჯა, აკრედიტაცია არის მინიშნება შეცდომებზე. არსებული გადაწყვეტილება ძალაში შედის სასწავლო წლის ბოლოს, სასწავლო წლის ბოლომდე კი დიდი დროა. თუკი საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები არ არის, მაშინ რაშია პრობლემა? თუკი არ მოხდება ამ თემის პოლიტიზაცია და არ მოებმება ამ ყველაფერს პოლიტიკური კუდი, ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მინისტრი დღეს, 12 მარტს შეხვდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, შეხვედრამ 20 წუთს გასტანა. სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ კითხვებზე პასუხები მინისტრისგან ვერ მიიღეს. 
თავად მინისტრმა სტუდენტებთან საუბარი იმით დაიწყო, რომ უნივერსიტეტში მისვლის მიზეზი "ორი სიტყვით" განმარტა: "პირველ რიგში, იმიტომ, რომ თქვენ მე დამიბარეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა. 
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რეალურად, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერეს და არ გააუქმეს.
"ტერმინი არის შემდეგი - ჩვენ შევაჩერეთ ავტორიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ხელმძღვანელობა გამოასწორებს იმ ხარვეზებს, რომლებზეც არ ვკამათობთ, რომ არსებობს, მათ შეუძლიათ მეორე დღესვე შეიტანონ ავტორიზაციაზე განაცხადი და მიიღონ ის. არავის არ აქვს არანაირი განწყობა აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ, ეს არის აბსურდული", - განმარტა მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.
განათლების მინისტრთან შეხვედრას აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძეც ესწრებოდა. რექტორმა მინისტრს განუცხადა, რომ ავტორიზაციის საბჭოს უნივერსიტეტისთვის პრობლემების გამოსასწორებლად კანონით გათვალისწინებული 15-დღიანი ვადა არ მიუცია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხატია დეკანოიძე, განათლების ყოფილი მინისტრი. მან  მარგველაშვილს კითხვა დაუსვა - მართლა გულწრფელად სჯერა თუ არა მინისტრს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი 2010 წელს უკეთესი იყო, ვიდრე დღეს? დეკანოიძის შეკითხვას მარგველაშვილმა "პოლიტიკური შეკითხვა" უწოდა, რის შემდეგაც შეხვედრა დატოვა.
"შევეცადე დავლაპარაკებოდი სტუდენტებს, მაგრამ იქ დამხვდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგა", - განაცხადა მარგველაშვილმა უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ.

კომენტარები