პრემიერმა ამერიკელ კონგრესმენებს უმასპინძლა და აშშ-ის ელჩისგან ჰილარი კლინტონის წერილი მიიღო
tbl.ge/e9d
დაკოპირდა
საქართველოს პრემიერმინისტრის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს ბიზნესცენტრში, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
„ოფიციალურ ვახშამზე ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებული ვითარება და მთავრობის პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, კონგრესმენებმა ახლადარჩეულ მთავრობას წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ნათქვამია პრემიერმინისტრის Facebook-ის გვერდით გავრცელებულ განცხადებაში.
კონგრესმენების ოფიციალურ მიღებას საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა. მან პრემიერს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის 30 იანვრით დათარიღებული გამოსამშვიდობებელი წერილი გადასცა.
„მე მალე ვამთავრებ მოღვაწეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში და ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო თვალის მიდევნება, თუ როგორ მოახერხეთ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა საქართველოში ძალაუფლების ისტორიული გადაცემა და უპრეცედენტო კოაბიტაციის პროცესის წარმართვა... იმედი მაქვს, რომ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გექნებათ კონსტრუქციული ურთიერთობა, რათა ერთობლივად იმუშაოთ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“, - ნათქვამია წერილში.