იუსტიციის სამინისტრო

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები განხორციელდება. შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროში მომზადდა და პარლამენტში განსახილველად უახლოეს დღეებში გადაიგზავნება.

როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, ცვლილებების მიზანი ''სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლებში არსებული ხარვეზების გამოსწორება, მათი დახვეწა, სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა''.

ახალი კანონმდებლობით, ადვოკატს მიეცემა უფლება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახელით გაასაჩივროს განაჩენი სააპელაციო და საკასაციო წესით, ასევე მოითხოვოს სასამართლოსგან საგამოძიებო მოქმედებების - ჩხრეკისა და ამოღების ჩატარება, რისი უფლებაც იმ გამომძიებელს მიეცემა, რომელსაც მიმდინარე საქმესთან კავშირი არ ექნება. ჩხრეკასა და ამოღებაზე დაუშვებელი იქნება პროკურორის დასწრებაც.

კანონპროექტი ასევე აუქმებს მხარის ვალდებულებას, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებისას წარმოადგინოს მტკიცებულებები ''ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის''.

კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, დააკმაყოფილონ დაცვის მხარის მოთხოვნა და გასცენ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ექპერტიზის ჩატარების უფლება ყველა ლიცენზირებულ ექსპერტს ექნება.

მცირდება სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ზედა ზღვარიც. წესრიგის დარღვევისთვის მოქმედი კოდექსი 50-დან 5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის ზედა ზღვარი 500 ლარამდე მცირდება.

გარდა ამისა, მესამე პირს ენიჭება უფლება, გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება, მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

უწყების პრესცენტრის ცნობით, უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის საპროცესო კანონში სხვა ცვლილებების შეტანასაც გეგმავს.

კომენტარები