პარლამენტი

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

ქუთაისში პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. როგორც სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საგაზაფხული სესია დატვირთული იქნება.
"გუშინ შედგა პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელმაც იმსჯელა მიმდინარე საკითხებზე. პარლამენტში შემოსულია სამოცამდე კანონპროექტი, რომელთა განხილვები კომიტეტებში უახლოეს დღეებში დაიწყება. ასე რომ, პარლამენტი საგაზაფხულო სესიას იწყებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება. 
"უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ხელმძღვანელებმა ბიუროს მიმართეს დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური დებატების გამართვის თხოვნით. ბიურო შემოდის რეკომენდაციით, დღევანდელი დღე მიეძღვნას მხოლოდ პოლიტიკურ დებატებს. შესაბამისად, დღის წესრიგში შემოთავაზებულია ერთი საკითხი - დადგენილების მიღება დებატების გამართვის თაობაზე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეძლევა, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) - თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 10 წუთი, ხოლო პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში - 5 წუთი. 

კომენტარები