გადასახადები

„ხალხთან ახლოს ყოფნის“ სურვილს შესაძლოა გადასახადის გადამხდელთა 400 მილიონი შეეწიროს

სამწუხაროდ, ყოფილმა მმართველმა ძალამ პარლამენტის ქუთაისში გადატანის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისთვის ჩვეული სისწრაფითა და ფართო განხილვის გარეშე მიიღო. საკამათო გახდა შენობის მასშტაბიც, მისი პომპეზურობა და ღირებულება. ალბათ აჯობებდა, საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყვეტილიყო. ამით საფუძველი გამოეცლებოდა პოლიტიკოსების მხრიდან საკითხით სპეკულაციას და მათ მეტი დრო დარჩებოდათ იმ პრობლემებისთვის, რომელთა გადაჭრასაც ხალხი გამარჯვებული ძალისგან პირველ რიგში ელოდება.

კარგია ეს თუ ცუდი, ფაქტია, რომ ქუთაისი გამოცხადდა საპარლამენტო დედაქალაქად და აშენდა პარლამენტის ძვირადღირებული შენობა; ქუთაისში გადაბარგდნენ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები; პარლამენტის შენობა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი თანამედროვე ნაგებობა, გამორჩეული თავისი არქიტექტურით, ქართული პარლამენტის სახედ იქცა; გამოცოცხლდა ქუთაისიც, ამოძრავდა უძრავი ქონების ბაზარი, დაიგეგმა მილიონიანი ინვესტიციები. ერთ დროს ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი, ახლა უკვე კანონების შემოქმედად იქცა. ერთი სიტყვით, ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი, შედგა.

მიუხედავად ყველაფრისა, არ ცხრება დისკუსია პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. მეტიც, ახალ ხელისუფლებას მკაცრად აქვს გადაწყვეტილი მისი თბილისში დაბრუნება და ამისთვის სხვადასხვა არგუმენტს იშველიებს. ფაქტობრივად, მმართველი ძალაც მისი წინამორბედის შეცდომას იმეორებს და დამოუკიდებლად, დაუსაბუთებელი სისწრაფით აპირებს გადაწყვეტილების მიღებას. ლეგიტიმაციისთვის კი 50-კაციან დარბაზებში აყალმაყალის ფონზე მოწყობილ დისკუსიებს იყენებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდის სახალხო განხილვებს უფრო ჰგავს.

არგუმენტები ორივე მხარეს გააჩნია. უმრავლესობა დავით აღმაშენებლის მიერ დედაქალაქის ქუთაისიდან თბილისში გადატანას იხსენებს, მსოფლიოში ორი დედაქალაქის ანალოგის არარსებობით აპელირებს და ხალხთან ახლოს ყოფნის სურვილს გამოთქვამს. უმცირესობა კი, ძირითადად, პარლამენტის გადასავლის შემთხვევაში ქუთაისის უპერსპექტივობაზე საუბრობს. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელის კონტრარგუმენტს უმრავლესობა ვერ გვთავაზობს. ვერ გვეუბნება, რა ეშველება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, რომელიც 20 წელია დეგრადაციის გზაზეა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ვერ გვთავაზობს უკვე აშენებული შენობის გამოყენების სამომავლო გეგმას, რომელიც გადასახადის გადამხდელებს (როგორც გვეუბნებიან) 360 მილიონი ლარი დაუჯდათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შენობა უკვე დასრულდა, ხარჯი გაწეულია და საეჭვოა, ასეთი მასშტაბის შენობა ქუთაისში სხვა რომელიმე ინსტიტუტმა შეინახოს, გამოდის, რომ ეს თანხა წყალში უნდა გადაიყაროს. გარდა ამისა, თბილისში გადმოტანა, ძველი შენობის რეაბილიტაციასთან და მის ტექნიკურ აღჭურვასთან, ე.ი. დამატებით მილიონებთან იქნება დაკავშირებული. ბიუჯეტი ასევე კარგავს ძველი შენობის პრივატიზაციის და დამატებით ათეულობით მილიონი ლარის მიღების შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში, ხარჯი, სავარაუდოდ, 400 მილიონ ლარს გაუტოლდება, რაც საქართველოს ერთი მოქალაქის ჯიბიდან, დაახლოებით, 100 ლარის დაკარგვას ნიშნავს. ერთ ოჯახზე გაანგარიშებით კი ეს თანხა 400-500 ლარს შეადგენს. რას კარგავს ქუთაისი, ვიცით, მაგრამ რამდენს დაკარგავენ გადასახადის გადამხდელები, ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ქუთაისი კი მართლაც ბევრს დაკარგავს: ინფრასტრუქტურულ განახლებას, დამატებით შემოსავლებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალგაზრდა კადრებს, რომლებიც პერმანენტულად ტოვებენ მშობლიურ ქალაქს და... იმედს.

რაც შეეხება დეპუტატების დედაქალაქიდან მგზავრობას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გაუგებარია, რატომ უნდა იარონ კანონმდებლებმა გამუდმებით თბილისსა და ქუთაისს შორის. მათ თავისუფლად შეუძლიათ ოჯახებითურთ გადავიდნენ საცხოვრებლად იქ, სადაც მათი სამუშაო ადგილია და ამით შეამცირონ ხარჯები. პრინციპში, პარლამენტის ქუთაისში გადაბარგების მიზანიც ხომ ეს იყო და არა შენობის ფორმალურად გადატანა. რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათთვის ურიგო არ იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და, მაგალითად, საკომიტეტო სხდომებზე ტელეხიდების ორგანიზება. დღეს ბევრი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაცია მიმართავს ამ ხერხს ხარჯების დაზოგვის მიზნით. 21-ე საუკუნეში ეს ძალიან მარტივი და იაფია.

დაბოლოს, საეჭვოა, იმ ხალხს, რომელთან ახლოს ყოფნის დაუოკებელ სურვილსაც ასე ღიად გამოხატავენ უმრავლესობის დეპუტატები, ამ სიახლოვეში 400 მილიონის გადახდა სურდეს. თუმცა ისიც გასარკვევია, ვის ხალხთან სურს ახლოს ყოფნა და ვის სახლთან.

 

კომენტარები