თბილისის მერმა გიგი უგულავამ მთავარი პროკურორი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა და მოვალეობებში გარკვევა ურჩია.
"მთავარი პროკურორის სატელევიზიო გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ მას ვერ გაუგია სამსახურებრივი მოვალეობები, თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების გასამართლებლად პროკურორმა მაგალითად მოიყვანა საკრებულოს მიერ დასუფთავების ტარიფის დარიცხვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რითაც აშკარად შეეცადა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და გამოძიების რეალური მიზნების შენიღბვას. კბილაშვილმა, ივანიშვილის დავალებით, გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია", - ნათქვამია უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა, რომ შპს თბილსერვის ჯგუფთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევების თაობაზე დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ.
მისივე თქმით, გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე უგულავასთან ექნება კითხვები, რადგან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის 764 აქტივისტის დასაქმების გადაწყვეტილება მან პირადად მიიღო. ამასთან, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს.




