თბილისის მერია

უგულავა: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობას და გადავა რეალური საქმის კეთებაზე

თბილისის მერმა გიგი უგულავამ  მერიის თანამშრომლების გახშირებულ დაკითხვებსა და პროკურატურაში აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით განცხადება ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერში გააკეთა. უგულავამ აღნიშნა, რომ პროკურატურა ქარაგმებით საუბრობს და საზოგადოებას არ უხსნის, რა საქმეებს იძიებს.

„მე მინდა საზოგადოებას ვამცნო, თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი ამ სკვერთან. მხედრიონის დროიდან მოყოლებული აქ, ამ ადგილას, ჟანგისა და ბეტონის ხროვად ქცეული ბენზინგასამართი სადგური იდგა, რომელიც ყველა ესთეტიური და იურიდიული ნორმის მიღმა იმყოფებოდა. მეტსაც გეტყვით, ის საერთოდ არ ფუნქციონირებდა. როდესაც გადაწყდა სკვერის რეაბილიტაცია, მეპატრონესთან შეთანხმებით და თანხმობით ამ ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა. სხვათა შორის, დღეს პროკურატურას, იგივე მეპატრონის საჩივრის საფუძველზე აღძრული აქვს საქმე და იძიებს თუ რატომ გავაკეთეთ ჩვენ აქ სკვერი. ალბათ, დაკითხვაზე დაიბარებენ ბავშვებსაც, თუ რის საფუძველზე თამაშობენ ამ სკვერში. ნიშანდობლივია, რომ 5-10-საათიანი დაკითხვები მიმდინარეობს და პროკურატურამ ერთხელაც არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს, თუ რას იძიებს. როდესაც თანამდებობის პირებს კითხავენ, ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოებას გააჩნდეს ინტერესი. ამას ერთი ახსნა აქვს - ის, რომ მათ რცხვენიათ“, - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერის თქმით, ეს არის ბიუჯეტიდან თანხის გამოძალვის მცდელობა, რადგან ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე სახელმწიფოს 300 000 ლარს ედავება.

„ეს არის ფულის გამოძალვის მცდელობა და შემდეგ ვიღაც გამომძიებლებისთვის ე.წ. ატკატის სახით თანხის მიცემა. სხვა ლეგალური სახე ამას არ გააჩნია“, - აღნიშნა უგულავამ.

თბილისის მერის თქმით, მთავრობასთან დიალოგს აზრი არ აქვს. „ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობას და როდის გადავა რეალური საქმის კეთებაზე?“ - განაცხადა უგულავამ. 

კომენტარები