საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ცეზარ ჩოჩელი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების ლეგალიზაციისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორად მუშაობის პერიოდში უკანონოდ მონაწილეობდა შპს "ნიუ ენერჯის" საქმიანობაში, კერძოდ, იგი მფარველობას უწევდა შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების შესრულებაში. ამ საქმიანობის სანაცვლოდ უკანონოდ ღებულობდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. 2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე "ნიუ ენერჯიმ" ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ოდენობის საჭირო ინვენტარი და დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლის სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.




