თბილისის მერია

თბილისის მერია: გაუგებარია რატომ ერევა ენერგეტიკის სამინისტრო მერიასა და კერძო კომპანიის შორის მოლაპარაკებებში

თბილისის მერიის პრესსპიკერის ბაჩო დოლიძის  თქმით, დაწყებულია  პროგრამა, რომლის მიხედვითაც თითოეული თბილისელი აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაუჩერზე შესაბამისი წარწერა და თბილისის მერია ნახსენები არ იქნება. 

"ჩვენ გვსურდა, გადახდის ქვითარზე ყოფილიყო წარწერა - თბილისის მერიის ვაუჩერი, თუმცა, სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტრომ ჩათვალა, რომ თბილისის მერია ნახსენები არ უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია საერთოდ არ იქნება ნახსენები, თუმცა თითოეულმა მოსახლემ იცის, რომ აღნიშნული ვაუჩერი და ინიციატივა სწორედ თბილისის მერიას ეკუთვნის", - აღნიშნა დოლიძემ.

მისივე თქმით, მერიისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ერევა ენერგეტიკის სამინისტრო თვითმმართველ ერთეულსა და კერძო კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში. 

"ჩვენთვის ეს მიუღებელია და ენერგეტიკის სამინისტროს მოვუწოდებთ, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილებისამებრ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას", - განაცხადა მერიის პრესსპიკერმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

კომენტარები