საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბექა გოჩიაშვილზეც ისაუბრა, რომელიც პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ქურდობასთან დაკავშირებით დაკითხა. პრეზიდენტის განცხადებით, გოჩიაშვილს რამდენჯერმე გაუმეორეს "შენ მიშას დრო ხომ არ გგონიაო".
"ბექა არის ძალიან ნიჭიერი ბიჭი. დავანებოთ თავი პოლიტიკას, არ შეიძლება ასე ლაპარაკი ჩვენს მოქალაქეებთან. როცა ემუქრებოდნენ ისეთი რაღაცებით, რისი გამეორებაც არ მინდა, მას რამდენიმეჯერ გაუმეორეს ისიც, შენ, ბიჭო, მიშას დრო ხომ არ გგონიაო. ეს "მიშას დრო ხომ არ გგონია" ჩემთვის არის ძალიან საგანგაშო და შეურაცხმყოფელი. ემუქრებოდნენ, ახლა ჩვენ გიზამთ ამას, ამას, ამასო. კიდევ კარგი, არ უქნეს, ამაზეც მადლობა, მაგრამ ბავშვს რომ ასე დაელაპარაკები, რომელიც მართლა გენიოსი და საქართველოს საგანძურია, შეიძლება, გული აიცრუოს თავის ქვეყანაზე, რაც საქართველოსთვის დიდი დანაკლისი იქნება... ციხიდან უშვებენ სახელმწიფო გადამტრიალებლებს და ამ დროს მთელი კამპანიაა ბექა გოჩიაშვილთან დაკავშირებით, რომ ის გამოაცხადონ პოტენციურ დამნაშავედ. ის გაკვირვებულია, ჩემი ქვეყანა რატომ მელაპარაკება ასეო", - განაცხადა სააკაშვილმა.





