მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი "არამზადების წინააღმდეგ მსვლელობას" მართავს. დემონსტრაციის მონაწილეები რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მოქალაქეებს რუსი ბავშვების შვილად აყვანა ეკრძალებათ.
"დიმა იაკოვლევის კანონი" 1 იანვარს მიიღეს. აღნიშნული დოკუმენტით რუსეთის ხელისუფლებამ "მაგნიტსკის აქტს" უპასუხა, რომელიც სავიზო სანქციებს უწესებს რუსეთის არაერთ მაღალჩინოსანს, რომელსაც კავშირი ჰქონდა იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან, რუსეთის საგამოძიებო იზოლატორში. მაგნიტსკის აქტის მიხედვით, ასევე სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ადამიანის უფლებების ხელყოფაში შემჩნეულ პირებსაც.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პუტინის პასუხი სასჯელია არა აშშ-სთვის, არამედ რუსი ბავშვებისთვის, რადგან მათ ართმევს საშუალებას, თავი დააღწიონ უკიდურესად გადატვირთულ სახელმწიფო თავშესაფრებს.




