თბილისის მერია

გიგი უგულავას კითხვები აქვს ცენტრალურ მთავრობასთან

თბილისის მერი გიგი უგულავა მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში ნაციონალური მოძრაობის წევრების დასაქმებას ადასტურებს. მისი თქმით, მათი დანიშვნა კანონის სრული დაცვით მოხდა.
"ვაპირებ, გამოვიყენო ყველა იმ ადამიანის ცოდნა და გამოცდილება, ვისაც აქვს საპარლამენტო და არასაპარლამენტო გამოცდილება, რომელიც პოლიტიკასთან შეხებაში არ ყოფილა, მაგრამ თავის დარგში არის კომპეტენტური", - აღნიშნა უგულავამ.
თბილისის მერმა იქვე შეკითხვებით მიმართა საქართველოს მთავრობას.
"ცენტრალურმა მთავრობამ გაგვცეს პასუხი, რა ნიშნით დასაქმდა კოკა გუნცაძე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; რა ნიშნით დასაქმდა ბატონი ჩიკვაიძე ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც კოკა გუნცაძის ლიგაში მუშაობდა და გვახსოვს წინასაარჩევნოდ რიტორიკა, რომ დამოუკიდებელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. რა ნიშნით დასაქმდა ელდარ-ლუკა კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორად. ცენტრალურმა მთავრობამ გაგვცეს პასუხი, რა ნიშნით დასაქმდა პროკურატურის მაღალ თანამდებობაზე ეკა ბესელიას ქმარი, რა ნიშნით გამოიყარა ათასობით ადამიანი სამსახურიდან და, ძირითადად, მათ ჩამნაცვლებლებად გვევლინებიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები", - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 იანვარს, საკრებულოს ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისთვის   სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა, სადაც ყოფილი პარლამენტარები და ნაციონალური მოძრაობის  წევრები დაინიშნენ. 

კომენტარები