ჟერარ დეპარდიეს შემდეგ, რუსეთს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, შესაძლოა, ბრიჯიტ ბარდომაც მიმართოს.
ფრანგი მსახიობი და ცხოველთა უფლებების დამცველი იმუქრება, რომ დეპარდიეს მაგალითს მიბაძავს, თუ მთავრობა არ გადაარჩენს ცირკის ორ სპილოს - ბეიბისა და ნეპალს. ლიონის ზოოპარკში მყოფი სპილოები ტუბერკულიოზით არიან დაავადებულნი და ქალაქის ხელმძღვანელობას, სხვა ცხოველების და მნახველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მათი ევთანაზია აქვს გადაწყვეტილი. ბარდომ ამ საქმეში ჩარევის თხოვნით საფრანგეთის პრეზიდენტსაც მიმართა.
„თუ ხელისუფლება ასე უსირცხვილოდ მოკლავს ბეიბისა და ნეპალს ... გადავწყვიტე, რუსეთს მოქალაქეობის თხოვნით მივმართო და დავტოვო ეს ქვეყანა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ცხოველთა სასაფლაო“ - ნათქვამია ბრიჯიტ ბარდოს საქველმოქმედო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.





