შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2 იანვარს შეშელიძის ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომობილი ასფალტის მოყინულ ზედაპირზე მოცურების შემდეგ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილს და ასევე ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა. ავტომობილ BMW-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პატრულ-ინსპექტორი გიორგი თექთუმანიშვილი კი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
მძღოლი კარლო თ., რომელმაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია, 2 იანვარს დააკავეს. დაკითხვისას მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. ამჟამად იგი დაკავებულია.
შსს-ის განცხადებაში ვკითხულობთ:
"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი თექთუმანიშვილს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც თავად იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა. როგორც გაირკვა, შეშელიძის ქუჩაზე ორივე ავტოავარია სავალი ნაწილის მოყინვამ გამოიწვია.
გამოძიებით ირკვევა, რომ გიორგი თექთუმანიშვილმა მის მეწყვილესთან ერთად, და ასევე, ამ რაიონში მოძრავმა სხვა საპატრულო ეკიპაჟებმა, მოყინული გზის შესახებ, შესაბამისი რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, მერიის ცხელ ხაზს 6-ჯერ აცნობეს, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურს არცერთ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
შეშელიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე, ღამით, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში ავტოავარიის 3 შემთხვევა დაფიქსირდა".
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი თორნიკე შიოლაშვილი შსს-ს განცხადებას უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება ოპერატიულად ხდება.
"ჩვენ მომენტალურად მოვახდინეთ ექვსივე ზარზე რეაგირება. შეშელიძის ქუჩის ხიდებთან მარილს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვყრიდით. მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარიდან წყალი გადმოდის. ჩვენ მარილს კი ვყრიდით, მაგრამ წყალი მას რეცხავდა, იყინებოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ვყრიდით მარილს. ასეთი პროცედურები მთელი ქალაქის მასშტაბით ორმოცდაათამდე ადგილზე ხდებოდა. ასე რომ, პოლიციის ბრალდება უსაფუძვლოა. მე თავად მაქვს ეს საკითხი პირად კონტროლზე აყვანილი", - განაცხადა შიოლაშვილმა.





