საქართველო რუსეთი

აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი სუვერენული დემოკრატიის

საქართველოს ახალმა მთავრობამ დასავლეთთან კონფრონტაციის პირველი ნიშნები გამოავლინა. მართალია, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ისევე დეკლარირებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულებას, როგორც წინა ხელისუფლება, მაგრამ პარტნიორებისგან კრიტიკული შენიშვნები მათთვის ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა.

მთავრობამ არ გაიზიარა NATO-ს გენერალური მდივნის, საპარლამენტო ასამბლეის, გავლენიანი დასავლური პრესის შეშფოთება, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა შერჩევით დაპატიმრებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებზე შეტევას თუ პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე უარის თქმას უკავშირდებოდა.

ივანიშვილი და მისი გუნდი დასავლეთს საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში არ ადანაშაულებენ და საქართველოს პარტნიორების შეშფოთებას მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების ლობირებას მიაწერენ. თუმცა ქართული ოცნების ცალკეული წევრები და რიგითი მხარდამჭერები ანტიდასავლური რიტორიკისგან თავს არ იკავებენ.

„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს... იმას, რასაც თავის ქვეყანაში ვერ იტანენ, ნუ გვახვევენ თავზე”, – განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ქეთი დოლიძემ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას. კოალიციის მხარდამჭერების აგრესია დასავლეთის მიმართ კი, თუნდაც NATO-ს გენერალური მდივნის Facebook-ის გვერდზე დატოვებულ კომენტარებში გამოვლინდა. ასევე საგულისხმოა პრესაში სტატიების გამოჩენა „აქამდე ტაბუდადებულ” თემაზე – კრიტიკული შენიშვნებით აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართ.

შესაძლოა, საქართველოს ახალი მთავრობაც დადგეს იმავე ამოცანის წინაშე, რის წინაშეც რამდენიმე წლის წინ რუსეთის მთავრობა აღმოჩნდა – დაუსაბუთოს საკუთარ საზოგადოებას, რომ საქართველო დემოკრატიისკენ საკუთარი გზით, დასავლური დემოკრატიების მხრიდან ზედმეტი მზრუნველობის გარეშე უნდა წავიდეს.

„სუვერენული დემოკრატიის” ცნება 2005 წლიდან რუსეთში გაჩნდა და კონცეფციის სახე მიიღო, რაც მმართველი ძალის, Единая Россия-სა და ვლადიმირ პუტინის ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა.

„საბჭოთა სისტემიდან, საკუთარი ნებითა და სურვილით, რუსეთი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა – ერთდროულად დემოკრატიული, თავისუფალი (სუვერენული) და სამართლიანი სახელმწიფოსა და საზოგადოების მშენებლობაზე. და სწორედ რუსეთის სახელმწიფო და მისი ხალხი განსაზღვრავენ ამ განვითარების ვადებს, ეტაპებსა და პირობებს”, – წერდა 2005 წლის აპრილში პოლიტოლოგი ვიტალი ტრეტიაკოვი სტატიაში „სუვერენული დემოკრატია. პუტინის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ”.

ვლადიმირ პუტინი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, 2007 წ. 10 თებერვალი
წლის ნოემბერში კი სუვერენული დემოკრატიის არსი ვრცლად განმარტა საპროგრამო სტატიაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რეჟიმის არაფორმალურმა იდეოლოგმა ვლადისლავ სურკოვმა.

„თავისუფალი ადამიანის ღირსება მოითხოვს, რომ ერი, რომელსაც იგი თავს მიაკუთვნებს, ასევე თავისუფალი იყოს სამართლიანად მოწყობილ სამყაროში”, – აყალიბებდა სურკოვი სუვერენული დემოკრატიის პრინციპებს. შესაბამისად, „სუვერენული დემოკრატია პოლიტიკური ცხოვრების ისეთი წესია, რომლის დროსაც ხელისუფლება, მისი ორგანოები და ქმედებები ფორმირდება მხოლოდ და მხოლოდ რუსი ერის მიერ, მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით”.

ახალი კონცეფციის თაობაზე რუსეთში მრავალი დისკუსია გაიმართა. მის დასაბუთებას მეცნიერებმა არაერთი სტატია და ნაშრომი მიუძღვნეს.

რევოლუციის შიში

ქართულ ოცნებას რუსეთის სუვერენული დემოკრატიის იდეოლოგებთან ორი რამ აერთიანებს – დასავლეთის მხრიდან კრიტიკული შენიშვნების სრული მიუღებლობა და დამოკიდებულება ვარდების რევოლუციისადმი. კოალიციის წევრთა უდიდეს უმრავლესობას ხომ რევოლუციის მიმართ ძალზე ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და 2003 წლის შემდგომ პერიოდში ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს არ აღიარებს, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით.

თვითმყოფადი, „სუვერენული” და არა ჩვეულებრივი, მსოფლიოში უკვე აპრობირებული და ფუნქციონირებადი დემოკრატიის მშენებლობისკენ რუსეთს სწორედ ფერადმა რევოლუციებმა უბიძგა. კრემლის იდეოლოგებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ როგორც საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუცია, ასევე უკრაინაში 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუცია, იყო არა საზოგადოების პროტესტის შედეგი, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციები ამ ქვეყნების საკუთარი გავლენის ქვეშ მოსაქცევად. საბოლოო სამიზნე კი რუსეთი უნდა გამხდარიყო.

„ნარინჯისფერ რევოლუციას კრემლი ყველაზე საშიშ საფრთხედ – დისტანციურად მართულ სახალხო ბუნტად აღიქვამს”, – აღნიშნავდა ბულგარელი პოლიტოლოგი ივან კრისტევი, რომლის აზრითაც, „სუვერენული დემოკრატიის სახით პუტინმა ამ მოვლენებს პრევენციული კონტრრერევოლუცია” დაუპირისპირა.

სურკოვი თავის საპროგრამო სტატიაში განმარტავდა, რომ ყველა ერის წინაშე არ დგას სრული სუვერენიტეტის მიღწევის ამოცანა. მრავალი მცირე ერი „ტრადიციულად არსებობს ამა თუ იმ ხალხის მფარველობის ქვეშ და პერიოდულად მფარველებს იცვლის”. შესაბამისად, „გასართობი „რევოლუციებისა” და გარედან მართული დემოკრატიების გამრავლება, რაც ხელოვნურად გამოიყურება, ასეთი ქვეყნებისთვის სავსებით ბუნებრივია”. მაგრამ, რუსეთში, სურკოვის აზრით, „უცხოელთა მყარი ბატონობა წარმოუდგენელია”.

„განსხვავებით ფერადი რევოლუციებისგან, რასაც აშშ-სთვის არასასურველი რეჟიმების დასამხობად იყენებენ დემოკრატიისთვის ბრძოლის ლოზუნგით, სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის გამოყენება მხოლოდ იმ ქვეყნებს შეუძლიათ, რომლებიც დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს საკუთარ ნიადაგზე ავითარებენ”, – წერდა სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის მხარდამჭერი პოლიტოლოგი ანდრანიკ მიგრანიანი 2008 წლის ოქტომბერში.

კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგის, სერგეი მარკოვის აზრით, სუვერენული დემოკრატია არის „ფერად რევოლუციებზე დამოკიდებული პოლიტიკური რეჟიმების შექმნის ტექნოლოგიებზე იდეური პასუხის გაცემის მცდელობა”. რუსეთი კი, მისი თქმით, დემოკრატიას სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე მიაღწევს.

ქართული ოცნების ზოგიერთი ამჟამინდელი ლიდერიც საქართველოში ვარდების რევოლუციას გარეშე ძალების მიერ ორგანიზებულად მიიჩნევს. გასული წლის 23 ნოემბერს, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თბილისში საპროტესტო აქციის იდეას მიესალმა, რომელიც ორგანოზატორებს ამერიკის საელჩოსთან უნდა გაემართათ. თუმცა, მისივე თქმით, ყოველთვის მიაჩნდა, რომ ვარდების რევოლუცია „არ იყო ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის მარტო ამერიკული სურვილი, ეს იყო რუსების სურვილიც”. წელს კი ქუცნაშვილიც და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ვარდების რევოლუციის წლისთავი საზეიმოდ არ აღინიშნება.

მტრის ხატი

სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია, რომელიც დასავლეთისგან რუსეთის დისტანცირების იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას ემსახურებოდა, სწორედ იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც აშშ-ისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა მხრიდან გაძლიერდა კრიტიკა რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სუვერენული დემოკრატიის ცნების დამკვიდრება ბიზნესმენების, მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის სამართლებრივი დევნის დაწყებას დაემთხვა, რამაც მსოფლიოში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ისინი 2003 წელს დააკავეს, პირველი განაჩენი კი ხოდორკოვსკის საქმეზე სასამართლომ 2005 წლის მაისში გამოიტანა.

2005 წლის ნოემბერში აშშ-ის სენატმა, სენატორების ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენისა და ჯონ მაკკეინის ინიციატივით, რეზოლუცია მიიღო მიხაილ ხოდორკოვსკის დევნასთან დაკავშირებით. იქ აღნიშნული იყო, რომ სასამართლო კრემლის ხელში იარაღად გამოიყენება და ასეთი სასამართლო დამოუკიდებლად ვერ ჩაითვლება.

2006 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც დაპატიმრებულ ბიზნესმენებს დამატებითი ბრალი წაეყენათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის დევნა და მისი კომპანიის დანაწევრება „სერიოზულ კითხვებს აჩენს რუსეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით”, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკუთრების ხელშეუხებლობის თაობაზე.

სენატორმა ტომ ლანტოსმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა საკითხებში, მაშინ, ხოდორკოვსკის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება მოსთხოვა.

სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის მხარდამჭერები ვაშინგტონის რუსეთის მიმართ მოთხოვნებს, ამერიკის და ზოგადად დასავლეთის მტრობით, საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევისა და რუსეთის რესურსების დასაკუთრების სურვილით ხსნიან.

ანდრანიკ მიგრანიანის აზრით, „სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უნივერსალურ კონცეფციად იქცა. ის უცხო ქვეყნების საქმეებში ჩარევას ემსახურებოდა”. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის მთავარი დანიშნულება, მისი აზრით, აშშ-ის ჩარევისთვის ხელის შეშლაა.

მიგრანიანი განმარტავს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ლიბერალურ-დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა. თუმცა, „ის თავად განსაზღვრავს ნაბიჯების თანმიმდევრობას ამ მიმართულებით” და ამ საქმეში „გარედან მართვას” არ დაუშვებს.

დასავლეთი ვერ აღიქვამს სუვერენულ დემოკრატიას იმის გამო, რომ მას არა დემოკრატია, არამედ სუვერენიტეტი აინტერესებს, „მათ არ სურთ, რუსეთს ჰქონდეს სუვერენიტეტი ამ სიტყვის სრული გაგებით”, – აღნიშნავს მიგრანიანი.

როგორც, თავის მხრივ, ვლადისლავ სურკოვი ამბობს, „არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი სახელმწიფოს დესუვერენიზაცია არავისთვის საინტერესო არაა. მაგრამ, ნედლეულისა და უსაფრთხოების ყოველდღიური და საყოველთაო საჭიროება იმდენად დიდია, ბირთვული შეიარაღების, ნავთობის, გაზის, ხე-ტყისა და წყლის ჩვენი მარაგები იმდენად უხვია, რომ ზედმეტი გულუბრყვილობა მიუღებელია”.

ანტიდასავლური რიტორიკა დამახასიათებელი იყო ქართული ოცნების წევრებისთვისაც წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, ამჟამინდელი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებდა, რომ აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობამ საქართველოს ზიანი მოუტანა და სწორედ აშშ არის პასუხისმგებელი კონფლიქტებზე, „რუსეთის გადამტერებაზე” და „ავტორიტარულ რეჟიმზე”. მისი თქმით, „ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამერიკისთვის ერთი ადგილის ლოკვამ დააქცია და დაღუპა საქართველო”.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მანანა კობახიძე კი გასულ წელს აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები მართლმადიდებელ სარწმუნოებას ქვეყნის განვითარების დამაბრკოლებლად განიხილავს, საქართველო კი მისი გულის მოგებას უმცირესობების უფლებების დაცვით ცდილობს. ასევე – „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ეს მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის”.

ქართული ოცნების ზოგიერთი წევრები წლების განმავლობაში გამოდიოდნენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ. მაგალითად, გოგი თოფაძე აცხადებდა, რომ საქართველო NATO-სკენ სწრაფვამ „დაღუპა”. გუბაზ სანიკიძე და მისი თანაპარტიელები კი ჯერ კიდევ 2007 წელს ამბობდნენ, რომ NATO-ში გაწევრიანებით საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფა ემუქრებოდა, ხოლო ალიანსის წევრობის სურვილი ქვეყნის ღალატს ნიშნავდა.

„იარლიყები” დემოკრატიისთვის

სუვერენული დემოკრატიის კონცეფციამ კრიტიკა დაიმსახურა როგორც რუსეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. როგორც 2006 წლის აგვისტოში ყოფილი პრემიერი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხაილ კასიანოვი აცხადებდა, ამ დოქტრინის მიზნები სავსებით ნათელია – ნებისმიერ ფასად პოლიტიკური ძალაუფლებისა და ქონების შენარჩუნება. „შედეგები უკვე სახეზეა – პოპულიზმის ზეიმი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების თანმიმდევრული ნგრევა და უარის თქმა კანონიერების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე”.

„სუვერენული დემოკრატია კრემლის მოგონილი ტერმინია, რომელიც ორ მესიჯს შეიცავს: პირველი, რომ რუსეთის ახლანდელი რეჟიმი დემოკრატიაა. და მეორე – ეს უნდა დავიჯეროთ და მორჩა. ამაში ეჭვის შეტანის ნებისმიერი მცდელობა რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქმება”, – წერდა Washington Post-ი 2006 წლის 15 ივლისს.

„ძალიან მაღელვებს, როდესაც დემოკრატიას იარლიყებს აწებებენ, – განაცხადა 2007 წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა, – სუვერენული დემოკრატია, მართვადი დემოკრატია, სახალხო დემოკრატია, სოციალისტური, არიული, ისლამური დემოკრატია – ამ კონტექსტში ზედსართავი სახელების დიდი მოყვარული არ ვარ. მართვადი დემოკრატია, ჩემი აზრით, დემოკრატია საერთოდ არაა, ხოლო ტერმინი სუვერენული დემოკრატია საერთოდ უაზროდ გამოიყურება”.

ვლადისლავ სურკოვი
საბჭოთა ისტორიის სპეციალისტის, რიჩარდ პაიპსის აზრით, „დემოკრატია ან არსებობს, ან არა... ბერძნულად დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს – ხალხის ძალაუფლება კი ან არსებობს, ან – არა”.

ბიძინა ივანიშვილის წყალობით, დემოკრატიას კიდევ ერთი „იარლიყი” მიემატა. თავის პირველ ინტერვიუში მან პირობა დადო, რომ მის მიერ აშენებული დემოკრატია „ევროპას გააოცებდა”. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „გასაოცარმა დემოკრატიამ” სხვა დატვირთვა შეიძინა – დასავლეთი ახალი ხელისუფლების ნაბიჯებით გაკვირვებული მართლაც დარჩა, თუმცა არა ისე, როგორც ივანიშვილს სურდა.

სუვერენული დემოკრატია მოქმედებაში

სუვერენული დემოკრატიის პრაქტიკულად განხორციელების ეტაპი ვლადიმირ პუტინმა ცნობილი „მიუნხენის გამოსვლით” დაიწყო – სიტყვით, რომელიც მან უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, 2007 წლის 10 თებერვალს წარმოთქვა და რომელიც ერთგვარი წყალგამყოფი გახდა რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებში.

სწორედ მაშინ გაილაშქრა პირველად რუსეთის ლიდერმა „მონოპოლარული სამყაროს”, აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და NATO-ს წინააღმდეგ. „ერთი სახელმწიფოს, პირველ რიგში შეერთებული შტატების, სამართლებრივმა სისტემამ გადალახა ეროვნული საზღვრები. ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში, ხდება სხვა სახელმწიფოებისთვის მისი თავზე მოხვევა”, – განაცხადა პუტინმა.

მან დასავლეთი მესამე სამყაროსადმი უსამართლობაში დაადანაშაულა: „ერთი ხელით დახმარება რიგდება, მეორეთი კი არა მხოლოდ ეკონომიკური ჩამორჩენილობის კონსერვაცია, არამედ მოგების ამოღება ხდება”.

ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კი, პუტინის აზრით, ქვეყნების ერთი ჯგუფის ინტერესების უზრუნველყოფის „ვულგარულ ინსტრუმენტად” გადაიქცნენ.

„რუსეთი ათას წელზე მეტი ხნის ისტორიის ქვეყანაა, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის სარგებლობდა პრივილეგიით, განეხორციელებინა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა”, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა გამოსვლაში, რომელიც ანალიტიკოსთა ნაწილმა ახალი ცივი ომის დასაწყისად აღიქვა.

პუტინმა და კრემლმა მართლაც ბევრი რამ გააკეთეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში „სუვერენულობის” დემონსტრირებისთვის. პოლიტკოვსკაიას და ლიტვინენკოს მკვლელობები, აგრესია საქართველოს წინაააღმდეგ, ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევა ქვეყნის შიგნით, იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალება, Pussy Riot-ის საქმე – ამ ყველაფრისთვის დასავლეთის კრიტიკას რუსეთის ხელისუფლება იგნორირებას უწევდა. 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც მოსკოვში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, პუტინმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში არეულობის პროვოცირებაში დაადანაშაულა. ხელისუფლების კონტროლირებად ტელეარხებზე კი პროპაგანდისტული ფილმების სერია გავიდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს დასავლეთი ოპოზიციონერთა ხელით რუსეთის განადგურებას. მესამე ვადით პრეზიდენტის პოსტზე დასაბრუნებლად, ვლადიმირ პუტინმა სწორედ ანტიდასავლური, გარეშე მტრებთან ბრძოლის წინასაარჩევნო რიტორიკა აირჩია.

ქართული არჩევანი

დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებით უკმაყოფილების მიუხედავად, ღია ანტიდასავლური გამოსვლებისგან საქართველოს პრემიერმინისტრი თავს იკავებს. თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმით, თუ როგორ შუქდება მისი მთავრობის საქმიანობა ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალების მიერ და როგორ მუშაობს ყოფილი ხელისუფლების „ლობი” დასავლეთში. მან არაერთხელ განაცხადა, რომ დარწმუნებულია – ამ მხრივ სიტუაცია მალე გამოსწორდება და „ეს პროცესი” (კრიტიკა დასავლეთის მხრიდან) შეწყდება.

მაგრამ ქართული ოცნება, როგორც ჩანს, სულაც არ აპირებს იმ მეთოდებზე უარის თქმას, რის გამოც შენიშვნები დაიმსახურა. თუ მოქმედმა მთავრობამ კვლავაც ყურად არ იღო დასავლეთის გაფრთხილებები, როგორც აშშ-სთან, ასევე ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესება გარდაუვალი იქნება.

ამ შემთხვევაში, ივანიშვილის „მიუნხენის გამოსვლას” და ხელისუფლების მიერ საკუთარი „სუვერენული დემოკრატიის” კონცეფციის შექმნას უნდა ველოდოთ. რასაც დემოკრატიული სამყარო არ მიიღებს. საქართველოს კი ერთი გზა დარჩება – დადგეს მათ გვერდით, ვინც ასევე არ იღებს კრიტიკას დასავლეთისგან. მაგალითად, ვლადიმირ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გვერდით. სწორედ მათთან – ევრაზიულ კავშირში უნდა ეძებოს ამ შემთხვევაში მთავრობამ საკუთარი რეჟიმის გარე ლეგიტიმაციის წყარო.

მაგრამ დასავლურ დემოკრატიაზე უარის ხარჯზე ქვეყანა ვერც სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, ვინაიდან რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებით საქართველო დამოუკიდებლობას ნამდვილად დაკარგავს და მისი ფაქტობრივი დესუვერენიზაცია მოხდება.

 

კომენტარები