ეგვიპტეში საკონსტიტუციო რეფერენდუმი გაიმართა. ორი რაუნდის შედეგად, მუსლიმი ძმების თქმით, მოსახლეობის 64%-მა კონსტიტუციას მხარი დაუჭირა. ოპოზიციის მიხედვითაც, მოსახლეობის უმრავლესობა მიემხრო კონსტიტუციას. რეფერენდუმის კომისია შედეგს საჩივრების განხილვის შემდეგ გამოაცხადებს. უფლებადამცველების თქმით, მცირე დარღვევების მიუხედავად, ხმის მიცემის პროცესმა მშვიდად ჩაიარა.
მორსის მომხრეების აზრით, კონსტიტუციის ძალაში შესვლა საჭიროა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიზაციისათვის. ხოლო ოპოზიციის აზრით, კონსტიტუცია მეტ უფლებებს აძლევს მუსლიმ მოსახლეობას და არ ითვალისწინებს ქრისტიანი უმცირესობის და ქალთა უფლებებს.
რეფერენდუმის მიმდინარეობის პროცესს მუსლიმი ძმების და ოპოზიციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. პროცესის დაკვირვებაზე უარი განაცხადეს მოსამართლეებმა. ოპოზიციის განცხადებით, პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა და პირველი რაუნდის შემდეგ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდნენ. რეფერენდუმისათვის მზადება პროტესტების ფონზე მიმდინარეობდა. კონსტიტუციის შექმნა პრეზიდენტის მოთხოვნით, მოკლე ხანში მოხდა და Human Rights Watch-ის ეგვიპტის წარმომადგენლობის თქმით, დოკუმენტი ჯერ მზად არაა და ეს თავად საკონსტიტუციო ასამბლეამაც იცის. ოპოზიციის აზრით, კონსტიტუციის დამტკიცება მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლას გამოიწვევს, ვინაიდან მას მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ გააჩნია.
რეფერენდუმის დამთავრებასთან ერთდ, ვიცეპრეზიდენტმა მაჰმუდ მეკიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის გადადგომას გასულ თვეში აპირებდა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა მორსის სიტუციის რეგულირებაში დახმარებოდა. მის გადადგომას ახალი კონსტიტუციის მიხედვით ვიცეპრეზიდენტის პოსტისთვის ხელისუფლების შეზღუდვას უკავშირებენ.
ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი 4 წლის ვადით აირჩევა. შარიათის კანონი კანონმდებლობის ძირითად წყაროდ რჩება. თუმცა მისი შინაარსი დამატებითი მუხლით იქნება განსაზღვრული, რომელიც, ისლამისტების თქმით, ქრისტიანებთან და სხვა უმცირესობებთან მოლაპარაკებების შედეგად იქნება შემუშავებული.





