სასამართლო

გამოძიება ნიკა გვარამიას შუამდგომლობით გათავისუფლების წინააღმდეგია

გამოძიება  ნიკა გვარამიასთვის, ალექსანდრე ხეთაგურისთვის, კახა დამენიასთვის, გიორგი ნემსიწვერიძისა და დევი კანდელაკისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, იზაბელა გუტიძის მიმართ კი 50 000 ლარის გირაოს ითხოვს. ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებულებს წაყენებული აქვთ მძიმე ბრალდება და სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, თავი აარიდონ გამოძიებას; გარდა ამისა, გავლენა მოახდინონ მოწმეებზე, გაანადგურონ დოკუმენტაცია და შესაბამისად მათი შუამდგომლობით გათავისუფლებას ეწინააღმდეგება. გამოძიების მიერ სასამართლო სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმება.

  ნიკა გვარამიას ადვოკატმა აღმკვეთ ღონისძიებად 20 000 ლარი შუამდგომლობა დააყენა. ასევე, აღმკვეთი ღონისძიების სახით 20 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს დევი კანდელაკის, კახა დამენიას და ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატებმა. გარდა ამისა, ნიკა გვარამიას შესაძლოა, რამდენიმე დეპუტატი თავდებში დაუდგეს.

 რაც შეეხება გიორგი ნემსიწვერიძეს, ადვოკატმა სასამართლოს სთხოვა, რომ თუკი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას საჭიროდ ჩათვლის, მისთვის მხოლოდ 10 000 ლარიანი გირაოს გადაწყვეტილება იყოს გამოტანილი. იზაბელა გუტიძის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ბრალდებულის ოჯახს 50 000 ლარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და მოსამართლეს სთხოვა, გადაწყვეტილების მიღებისას გირაოს თანხა 10 000 ლარამდე შეამციროს.

სასამართლო სხდომა, რომელიც აღნიშნული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს ეხება, 11:30 დაიწყო. ამ დროისთვის მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.

კომენტარები