სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში, მემარჯვენე ”სენურის” პარტიის კანდიდატმა პაკ კინ-ჰემ გაიმარჯვა. ის კორეის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. მან დემოკრატიული გაერთიანებული პარტიის კანდიდატი მუნ ჟე-ინი მცირე უპირატესობით დაამარცხა. პაკმა ხმათა 51.6% მიიღო, ხოლო მუნმა 48%. წინა საარჩევნო გამოკითხვებით პაკი მცირე უპირატესობით ლიდერობდა და როგორც არჩევნების შედეგებმა აჩვენა, აღნიშნული ვარაუდი გამართლდა. პაკი მომავალი ხუთი წლის მანძილზე გაუძღვება სამხრეთ კორეას.
პაკი სამხრეთ კორეის ყოფილი მმართველის პაკ ჩონ-ჰის ქალიშვილია. პაკ ჩონ-ჰი 1961 წლიდან 1979 წლამდე მართავდა ქვეყანას და საკუთარი უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა. სამხრეთ კორეელების ნაწილი მას აღმერთებს, ნაწილს კი სძულს. პაკ ჩონ-ჰიმ სამხრეთ კორეის ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. როგორც TIME-ის გამომცემლობა წერს, ეკონომიკური განვითარება მისი პირველი პრიორიტეტი იყო და მოსახლეობას მოუწოდებდა ”ებრძოლათ მუშაობისას”. მსგავსი სამუშაო ეთიკა დაეხმარა სამხრეთ კორეას, გამხდარიყო ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური მოთამაშე მსოფლიო ასპარეზზე.
მიუხედავად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა, მისი მიდგომა ოპოზიციისა და მისი რეჟიმის მოწინააღმდეგეებისადმი ბრუტალური იყო. მისი მმართველობის დროს ბევრი ადამიანი დააკავეს თუ აწამეს. წლების მანძილზე პაკი უარს ამბობდა მამამისის კრიტიკაზე, თუმცა ამ შემოდგომაზე მისი შეცდომებისათვის ბოდიში მოიხადა და დაამატა, რომ სურს საკუთარი დამსახურების მიხედვით განსჯიდნენ და არა მამამისის მემკვიდრეობით.
პაკი თანამდებობას თებერვლიდან დაიკავებს. 2013 წლისათვის სეულის ეკონომიკა სავარაუდოდ 3.4 პროცენტით გაიზრდება, რაც მოსალოდნელ 4.2 %-ზე ნაკლებია. იზრდება საშემოსავლო უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ასევე დიდია შიდა სამეურნეო ვალი. პაკი ამომრჩეველს ეკონომიკის რეფორმირებას დაჰპირდა და ამას კონგლომერატების ანუ ”ჩებოლების” დაშლით ფიქრობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ ის ამ დაპირებას შეასრულებს, კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების დიდ ნაწილს დაკარგავს.
პაკის წინასწარი დაპირებები ასევე მოიცავდა სწავლის საფასურის შემცირებას, ბავშვთა დაცვაზე დანახარჯების ზრდას და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილები და სოციალური კეთილდღეობა ის თემებია, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს სამხრეთ კორეის მოსახლეობას. წინასაარჩევნო კამპანიისას ყურადღება ეთმობოდა ასევე ჩრდილოეთ კორეის საკითხს. ”ჩვენ შეუმჩნეველს ვერ დავტოვებთ ჩრდილოკორეელი ხალხის ტანჯვას. იმ ხალხის წუხილს, რომელიც გაერთიანებული კორეის მთავარი ნაწილი იქნება”, - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა არჩევამდე ცოტა ხნის წინ.





