მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ერის ევროპულ ორიენტაციას წინ ვერაფერი აღუდგება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში, თვითმმართველობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჩვენსავით სჯერა ევროპის პროექტის, სტრასბურგი უფრო მეტია, ვიდრე საფრანგეთის მნიშვნელოვანი ქალაქი. სტრასბურგი არის ამ პროექტის გული და სიმბოლო და კრიზისის მიუხედავად, ის დიდი პოლიტიკური ცვლილებების ქალაქია. ევროპული ინტეგრაცია, ევროპის თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში დაბრუნება, რომელსაც საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა, რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უმთავრესი პრიორიტეტი, მისი პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური და რელიგიური განსხვავებების მიუხედავად. სწორედ ამ იდეით ვხელმძღვანელობდით 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და მენტალური ტრანსფორმაცია წამოვიწყეთ. ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა რეფორმა, რომელსაც მიესალმებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც ამ რეგიონის უნიკალურ მოვლენას, მიზნად ისახავდა კორუმპირებული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის, დინამიკურ და ევროპული ტიპის ღია სახელმწიფოდ გარდაქმნას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვერაფერი აღუდგება წინ ქართველი ერის ''ევროპულ ენთუზიაზმს''. 

''საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, რომელიც ახლახან  შეიცვალა საქართველოში, ისევე როგორც ეს ხდება ევროპის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, ვერაფერი აღუდგება წინ ჩემი ერის ევროპულ ენთუზიაზმს, მის სურვილსა და სწრაფვას შეუერთდეს ევროპას'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სტრასბურგის მერს, როლანდ რიესს, რომელმაც საქართველოს ევროპის უძველესი და საშობაო ბაზრობის მასპინძლობა შესთავაზა. მისი თქმით, ეს შეთავაზება საქართველოსთვის არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, გააცნოს უცხოეთს თავისი კულტურა.

"მისიონერების დროიდან მოყოლებული, საფრანგეთი ჩვენი ქვეყნის დიდი მოძმე ქვეყანაა. საფრანგეთმა ეს დაამტკიცა უახლოეს წარსულშიც, კერძოდ, 2008 წელს, როდესაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა ეჭვქვეშ დადგა რუსული ტანკების შემოსვლისთანავე, რომლებიც ჩვენი დედაქალაქისკენ - თბილისისკენ მოიწევდნენ. საფრანგეთი ამას ყოველდღიურად გვიმტკიცებს, როდესაც მხარს უჭერს საქართველოს ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საფრანგეთში არ არსებობს ჩვენთვის უფრო სიმბოლური და გულთბილი ადგილი, ვიდრე სტრასბურგია. ეს არის ქალაქი, რომელმაც უამრავი სისხლისმღვრელი ბრძოლა გადაიტანა, ვიდრე ჩვენი კონტინენტის მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლო გახდებოდა. თითოეული ევროპელი სტრასბურგს გარკვეულწილად საკუთარ დედაქალაქად აღიქვამს და ჩვენც, როგორც ევროპული სახელმწიფო, სტრასბურგში ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები