ჩინეთი

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა

ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ახლადარჩეული წევრები

ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ახლადარჩეული წევრები
ნოემბრის დასაწყისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობა ჩატარდა და ქვეყნის მმართველობაში ცვლილებები მოხდა. პარტიის გენერალური მდივანი გახდა სი ძინპინი, რომელიც გაზაფხულზე პრეზიდენტის პოსტს გადაიბარებს.

ჩინეთში უმაღლესი ხელისუფლება კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, პარტიის და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორისაა დანაწილებული. უკანასკნელი ორი დეკადის მანძილზე, ეს პოზიციები პრეზიდენტის მმართველობის ქვეშ ექცევა, თუმცა მათი გადაცემა ახალი ლიდერისთვის ეტაპობრივად ხდება. ნოემბრის ყრილობით, ჰუ ძინტაომ ამ კუთხით საფუძველი დაუდო ხელისუფლების ინსტიტუციონალიზაციას, როდესაც მემკვიდრეს, გენერალურ მდივნად არჩევასთან ერთად, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარეობა გადააბარა.

ყრილობამ ფარული კენჭისყრით აირჩია პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის 7 წევრი. მუდმივი კომიტეტი ჩინეთის მამოძრავებელი ღერძი და გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა რეაქციულადაა განწყობილი და პოლიტიკური რეფორმის გატარებას მხარს არ უჭერს.

მუდმივი კომიტეტის გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა აქვთ ინტერესთა ჯგუფებს და პარტიულ ფრაქციებს. ისინი თავად ნიშნავენ მმართველ პოზიციაზე მათთვის სასურველ კადრებს. ახლადარჩეულ კომიტეტში 7 წევრიდან 5 ერთ ფრაქციას ეკუთვნის, რომლის უკანაც ძინპინის წინამორბედი ძიან ძემინი დგას.

ხელისუფლების ცვლილების ჩინურ მოდელს სხვა ავტორიტარული მთავრობებისგან ის გამოარჩევს, რომ ძალაუფლების რეალური გადაცემა ხდება. ამის ფუძემდებელი დენ სიაოპინია, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფალისთვის ვადების დადგენა და ხელისუფლების გადაცემის ფორმალიზაცია მოხდა.

ბრუკინგის ინსტიტუტის მიმომხილველის, ჩენ ლის თქმით, პოლიტიკური ძალის ეს ტრანსფორმაცია ყველაზე დიდია ჩინეთის ისტორიის უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე. კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ქვეყნის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო თანამდებობას ტოვებს. „ჩვენ არასდროს გადავიღებთ დასავლურ პოლიტიკურ სისტემას”, – განაცხადა მან პარტიის ყრილობაზე.

ჰუ, მოღვაწეობის დასაწყისში, პარტიის რეფორმირების იდეით გამოდიოდა, თუმცა ამ კუთხით ცვლილებები ვერ გაატარა. ამის მიზეზი კორუფციაში ჩაძირული პარტიაა, რომელიც ძალაუფლების ცენტრებს შორის დაპირისპირების პოლიგონს წარმოადგენს. ძალის არსებული დანაწილება პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურებისთვის მისაღებია და მისი ცვლილება მათ ხელს არ აძლევთ.

New York Time-სთან ინტერვიუში ჩინელი ჟურნალისტი ამბობს, რომ „მსგავს სისტემაში სიმდიდრე კონცენტრირდება იქ, სადაც ძალაუფლებაა”. პარტიული ელიტის ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს არაპირდაპირი კავშირები აქვთ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი 145,000 საწარმოს დიდ ნაწილთან. ეს სისტემა კომუნისტური პარტიის დიდებულებს წარმოშობს და მათ გამდიდრებას უწყობს ხელს.

პოლიტიკური რეფორმის დასაწყებად საჭიროა ან პარტიული ელიტის კეთილი ნება, ან ისეთი ძლიერი რეფორმისტი ლიდერი, როგორიცაა დენ სიაოპინი. ეს უკანასკნელი, მაოს სიკვდილიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე, სახალხო რესპუბლიკის ფაქტობრივი მმართველი და ჩინეთის რეფორმირების ავტორი იყო. მის ანგარიშზეა „ოთხი მოდერნიზაციის” და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკის წამოწყება.

დენის მმართველობის ბოლო ეტაპზე ჩინეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ქვეყნებისგან

ჰუ ძინტაო
განსხვავებით, სახალხო გამოსვლებმა დემოკრატიის ნაცვლად ხოცვა-ჟლეტა მოიტანა. სახალხო პარტიამ მოახერხა 1989 წელს ტიანანმენის დემონსტრაციებსა და 90-იან წლებში პოლიტიკურ არასტაბილურობასთან გამკლავება. ტიანანმენს თან ახლდა გააზრებული პოლიტიკური ნაბიჯები: სახელისუფლებო ვადების განსაზღვრა, რაც ხალხის დამშვიდების ერთ-ერთი გზა იყო, და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება მოსახლეობის უკეთესი კონტროლისთვის. ხალხის უკმაყოფილებას ეკონომიკური ზრდაც აკავებდა. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური წინააღმდეგობების დაძლევასა და ადაპტირებაში, წითელი რეჟიმი წარმატებული აღმოჩნდა.

კომუნისტური პარტია, რომელსაც 82 მილიონი წევრი ჰყავს, 1921 წელს ჩამოყალიბდა რუსეთის რევოლუციის გავლენით და ეკონომიკური ლიბერალიზაციის მიუხედავად, კვლავ მარქსისტულ-ლენინისტურ პრინციპებს ეფუძნება. როგორც Council of Foreign Relations წერს, პარტიის ძალაუფლება სამ სვეტს ეყრდნობა: პერსონალურ კონტროლს, პროპაგანდას და სახალხო არმიას. უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებულმა ფაქტებმა, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებმა, როგორიც იყო ბო სილაისა და ბრმა აქტივისტის, ჩენ გუანჩენის მაგალითები, კომუნისტური პარტია გამოწვევების წინაშე დააყენა. პარტიის ლიდერებს არ გააჩნიათ მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის გრძელვადიანი პოლიტიკა.

ახალი პოლიტიკური გამოწვევებია მზარდი ეკონომიკური უთანასწორობისა და კორუფციის აღმოფხვრა. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ქვეყნის ქალაქის მოსახლეობა 480 მილიონით გაიზარდა. ჩინეთმა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სწრაფი ინდუსტრიალიზაცია განიცადა და დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კუბასა და ნამიბიას უტოლდება (მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 94-ე ადგილი). ასე რომ, წითელი ვარსკვლავის ქვეშ „ყველა თანასწორია, თუმცა ნაწილი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები”. საგულისხმოა, რომ დიდია აღმოსავლეთ ოკეანისპირეთსა და დასავლეთ პროვინციებს შორის უთანასწორობაც.

უთანასწოროა მოსახლეობას შორის სიმდიდრის გადანაწილებაც – GINI-ს კოეფიციენტი ჩინეთში შესამჩნევად მაღალია. ჰუს მცდელობა, მოსახლეობის შემოსავალს შორის უთანასწორობა აღმოეფხვრა, ეკონომიკურმა კრიზისმა შეაჩერა. 2004 წლიდან მოყოლებული, პარტიის ტექნოკრატები „ხალხის პირველ ადგილზე დაყენებაზე” საუბრობდნენ. ამის მიზეზად პოლიტიკური ელიტების გამდიდრებით გამოწვეული უკმაყოფილების სამოქალაქო პროტესტში გადაზრდის შიში შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა ამ კუთხით შესამჩნევი ცვლილებები არ გატარებულა. ჰუ ჩინეთის ისტორიას დარჩება, როგორც გარდამავალი ფიგურა, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ვისი მმართველობის პერიოდშიც სახალხო რესპუბლიკა საერთაშორისო ასპარეზზე წამყვანი მოთამაშე გახდა.

პეკინის პოლიტიკური პრობლემები კარგად ვლინდება როგორც ქვეყნის ცენტრალურ აპარატში, ასევე მის რეგიონულ ნაწილში. მიკერძოებული და პოლიტიზებულია სასამართლო ხელისუფლება, ხშირია პარტიული მიზნებისთვის საფინანსო სისტემით მანიპულირება. ქვეყნის არაურბანულ ნაწილში თანამდებობის პირები ხშირად ართმევენ გლეხებს მიწას. სწორედ ამიტომ, ქვეყნის რეფორმირება და ნამდვილი საბაზრო ეკონომიკური სახელმწიფოს შექმნა ჩინეთს პოლიტიკური რეფორმის გარეშე გაუჭირდება.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ადგილობრივ დონეზე ფრაქციებს შორის რადიკალური ცვლილებების გარეშე შეჯიბრის დაშვება პარტიას უფრო დემოკრატიულს გახდიდა. საინტერესოა, რომ ცენტრალურისგან განსხვავებით, ადგილობრივ თვითმმართველობებს მოსახლეობა ირჩევს, თუმცა პარტია თავად წარადგენს კანდიდატს და არ არსებობს კონკურენცია. როგორც პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი წევრი რენ იეი აღნიშნავს, დენ სიაოპინის პერიოდში პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნება ადვილი იყო, ვინაიდან პარტიის ლიდერები რევოლუციონერებად აღიქმებოდნენ. დღეს კი ახალ ხელისუფლებას მხარდაჭერის შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან ლიდერები არიან უბრალო ბიუროკრატები, რომლებმაც წარმატებას კარიერული კიბის ავლით მიაღწიეს.

ახალი ლიდერების, სი ძინპინის და ლი კექიანის, გამოცდა მალე დაიწყება, რადგან ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება. მოსახლეობის ქალაქში მიგრაციასთან ერთად, იაფფასიანი მუშახელის რაოდენობა მცირდება, რამაც, ცოტა ხანში, ჩინეთი ნაკლებად კონკურენტუნარიანი შეიძლება გახადოს სხვა ეკონომიკებთან შედარებით. პეკინი ასევე დგას მძაფრი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე. შობადობის მაჩვენებელი იკლებს და, სავარაუდოდ, 1.34 მილიარდიდან, 2050 წლისათვის, 1.3. მილიარდამდე შემცირდება. ეს კი გულისხმობს, რომ თუ საშუალო ასაკი 1980 წლისთვის 22 წელი იყო, 2050-ისთვის 49 იქნება. ჩინეთის განვითარებად ეკონომიკას მოუწევს პენსიონერთა არნახული რაოდენობის დაფინანსება, რამაც შეიძლება ახალგაზრდა ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანოს.

ქვეყნის მესაჭეებს, ამ სირთულეებთან გამკლავებასთან ერთად, შიდა პოლიტიკურ წრეებში ლავირებაც მოუხდებათ. თუ ძინპინი პოლიტიკური ელიტიდან მოდის, ლი კექიანს შედარებით მოკრძალებული წარმომავლობა აქვს. ამ უკანასკნელზე ბევრი ამყარებს იმედებს, რომ ქვეყანას რეფორმისკენ წაიყვანს. როგორც მისი თანაკურსელი აფასებს, ლის „დემოკრატიის თუ არა, კონსტიტუციური მთავრობისა და კანონის უზენაესობის მაინც სჯერა”. კექიანის სახელი ყველაზე შესამჩნევად შიდსის გავრცელების სკანდალს უკავშირდება – როდესაც სისხლის გაცემის სახელმწიფო პროგრამის შედეგად, ჰენანის პროვინციაში ბევრი ადამიანი დაინფიცირდა, ლიმ

სი ძინპინი
მაშინ სკანდალის ჩახშობა მოახერხა. „იმის ნაცვლად, რომ გადამდგარიყო ან ციხეში იხდიდეს სასჯელს, დღეს ის ქვეყნის პრემიერი ხდება”, – წერს Financial Times-ი.

როგორც აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ელოდოს, რომ ჩინეთი უფრო გამჭვირვალე, მისი ლეგალური სისტემა კი უფრო პროგნოზირებადი გახდება”.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკა, სავარაუდოდ, არსებულ მიმართულებებს შეინარჩუნებს. შესაძლებელია, ეკონომიკის დაკნინებასთან ერთად ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებაც მოხდეს, რაც პეკინს საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო აგრესიულს გახდის. წითელი რეჟიმი ამერიკის მოქიშპედ მიიჩნევა და ხშირ შემთხვევაში ისეთ სახელმწიფოებს უჭერს მხარს, როგორებიცაა რუსეთი, სირია და ირანი. ჩინეთს პრობლემები აქვს მეზობლებთანაც, მათ შორის, იაპონიასთან და ფილიპინებთან.

ჩინეთმა ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად პოლიტიკური გამოსვლების თავიდან აცილება მოახერხა. ეკონომიკას სამი ათეული წელია თითქმის ორნიშნა ზრდის მაჩვენებელი აქვს. ახლა, როდესაც ეკონომიკური აღმავლობა იკლებს, მოსალოდნელია სოციალური უკმაყოფილების ზრდა. მთავრობა სახალხო პროტესტის თავიდან აცილებას ცდილობს და სწორედ ამიტომ, მედიასა და ქვეყნის შიდა სოციალურ ქსელებს აკონტროლებს. თუმცა, რაც უფრო გაიზრდება საშუალო კლასი და პლურალისტური საზოგადოების, ასევე არასამთავრობო სექტორის გავლენა პოლიტიკაზე, პარტიული აპარატისთვის მით უფრო გაძნელდება პოლიტიკური ტერორისა და ზეწოლის შენარჩუნება.

 

კომენტარები