სასჯელაღსრულების სამინისტრომ შეწყალებული პატიმრის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პატიმრისთვის თავისუფლების აღკვეთა პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთელობას და სწორედ ამიტომ მიმართა სოზარ სუბარმა პრეზიდენტს მისი შეწყალების შუამდგომლობით.
"ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, მძიმედ დაავადებული პატიმრების შემთხვევაში დაუშვებელია სასჯელისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმა მხოლოდ მსაჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო. შუამდგომლობა შეწყალებაზე ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ერთადერთ გამოსავალს, რადგან სასჯელისგან გათავისუფლების სხვა მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა 88 მძიმე ავადმყოფი მსჯავრდებულის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს, 11 დეკემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული პირი იმ შესაწყალებელ პატიმართა სიაში იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სოზარ სუბარის შუამდგომლობით გადაეგზავნა. მანჯგალაძის თქმით, სოზარ სუბარმა რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტს მძიმე და უკიდურესად მძიმედ დაავადებული პატიმრების შეწყალების თაობაზე.
ამ შემთხვევამდე, უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა შეწყალებებმა დაძაბა ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა 2012 წლის 9 დეკემბერს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ბრალდებული ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი ყაჩაღობისთვის 11-წლიან სასჯელს იხდიდა".




