თბილისის მერიაში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა და პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა, ამის შესახებ თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ბიუჯეტის პრიორიტეტებია განსაზღვრული.
სპეციალური, 100-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი, სულ 350 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო 250-ლარიან ვაუჩერს 45 ათასი სოციალურად დაუცველი ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელთაც 70 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული.
''მომავალი წლიდან იმ დაწესებულებებში, რომელებსაც თბილისის მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. 2013 წლიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ: საბავშვო ბაღებში, სასწრაფო დახმარების სამსახურში, მუსიკალურ სკოლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, დასუფთავების სფეროსა და თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები. 100%-ით განახლდება სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწრაფო დახმარების ცენტრებს, საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 65%-ით იზრდება. მერიის თანადაფინანსების წილი საშუალოდ 10-20%-ით გაიზრდება'', - აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტის მიხედვით, გაგრძელდება გზების რეაბილიტაციაც, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თბილისის ბიუჯეტში 69 მლნ ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, 600 ათასი თბილისელი მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებს.
''მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლების ბიუჯეტისაგან. 2013 წელს, დედაქალაქი პირველად არ მიიღებს სპეციალურ ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამის გამო, თბილისის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 640 მლნ ლარი - წინა წლებთან შედარებით შემცირდება. მიუხედავად ამისა, თბილისის მერია შეძლებს საკუთარი რესურსების მობილიზებას და შემცირების ნაცვლად, თბილისელთა მხარდაჭერის პროგრამებს გააძლიერებს. მომავალ წელს ახალი პროექტების განხორციელებაც დაიწყება", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.




