პატიმართა შეწყალება

შეწყალების კომისიამ 1400 საქმიდან დადებითი რეკომენდაცია ნახევარზე ნაკლებს მისცა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისიის  დღევანდელ სხდომაზე 1400 საქმიდან დადებითი რეკომენდაცია ნახევარზე ნაკლებს მიეცა. მეტი კონკრეტიკისგან ელენეთევდორაძე თავს იკავებს.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, შეწყალების კომისიამ თანხმობა მისცა იმ პატიმრებს, რომლებსაც არ აქვთ ჩადენილი მკვლელობა, არ არიან დაპატიმრებული ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, გაუპატიურებისთვის, რეციდივისტობისა და ტრეფიკინგისთვის. 
"აქედან გამომდინარე, ყველას, ვისაც ჰქონდა დარჩენილი ნახევარი ან ნახევარზე ნაკლები ვადა პატიმრობის, მიეცა დადებითი რეკომენდაცია. მათ შორის არიან ძალიან მძიმე ავადმყოფები და მიხარია, რომ ეს ადამიანები უახლოეს დღეებში დატოვებენ საპატიმროებს", - განაცხადა ელენე თევდორაძემ. 
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა კომისიის ერთ-ერთი წევრის, ლაშა ბუღაძის განცხადებას. 
შეგახსენებთ, რომ ბუღაძემ, დღეს, 19 ნოემბერს, შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთე: "ვფიქრობ, დღევანდელი სხდომა იყო ისტორიული, რადგან ვისაც კომისია შეიწყალებს, ის ხალხი აუცილებლად გამოვა საპატიმროდან. აქამდე აჩრდილივით გვადგა ხოლმე პროკურატურა, სადაც იცხრილებოდა ჩვენს მიერ შედგენილი სიები. როგორც წესი, არა ის ხალხი ტოვებდა საპატიმროს, ვისაც ვასახელებდით, არამედ სხვები. შეწყალების კომისიიდან გადაგზავნილი სიები არ მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე და ის იცხრილებოდა ხოლმე."
ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ კომისიაზე ზეწოლა არასდროს ყოფილა. რაც შეეხება კომისიის მუშაობას და სხდომებს, თევდორაძის განმარტებით, კომისიის წევრების გარდა, მას არავინ ესწრებოდა. ამასთან, ელენე თევდორაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურას სია ეგზავნებოდა ხოლმე საპატრიარქოდან.

კომენტარები