მთავარი პროკურატურა

როლანდ ახალაია პროკურატურას ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვს

პარლამენტარი როლანდ ახალაია მთავარ პროკურორს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. ახალაიას თქმით, ალასანია მას არჩევნების შემდეგ კრიმინალურ ავტორირეტეტებს უგზავნიდა და მოგებული არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას სთხოვდა. ახალაიას ეჭვით, ალასანიამ საქართველოს სისხლის სამართლის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. 150-ე მუხლით ისჯება პიროვნების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედება. პარლამენტარის თქმით, მას დანაშაულის მტკიცებულებებიც გააჩნია. 

"გაცნობებთ, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი მაჟორიტარ დეპუტატად ზუგდიდის #67–ე საარჩევნო ოლქში. სხვა პირებთან ერთად კანდიდატად წამოყენებული იყო დღევანდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მიგზავნიდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ჯაბა იოსელიანის ახლო მეგობარსა და ხობის რაიონის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს, ადამიანთა გატაცებასა და სხვა სახის დანაშაულზე არაერთხელ მხილებულ პირს, თემურ გერგაიას.

ალასანია ჩემგან მოითხოვდა მოგებული არჩევნებიდან მომეხსნა ჩემი კანდიდატურა და გზა მისთვის დამეთმო, თუ არა და დაჭერით მემუქრებოდა. ასევე, მისი წინადადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იმუქრებოდა ზუგდიდში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებით. ჩემი მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მეორე დღეს, 2012 წლის 3 ოქტომბერს ი. ალასანიას ხელმძღვანელობით, დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხალხის მასობრივი შემოყვანა და დაპირებისამებრ არეულობის მოწყობის მცდელობა. რომ არა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დროული რჩევა, სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომის პროვოცირება გარდაუვალი იყო," ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

კომენტარები