საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მეთოდებით შეშფოთებულია.
"ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება კანონის უზენაესობა. ევროპული ორიენტაცია და საქართველოს განვითარება არ არის ზოგადი კატეგორია, ეს ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს, კრიტერიუმები კი პირველ რიგში მოქალაქეების უფლებების პატივისცემაში, ყველა დონეზე კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ინსტიტუტების პატივისცემაში მდგომარეობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საღამოს გაკეთებულ საგანგებო მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღევანდელი მოვლენები საქართველოს ნატოში ინტეგრაციასაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
„არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა რეალური შანსი, ნატოში ინტეგრაციის კუთხით წარმატებისთვის მიგვეღწია. დღევანდელი მოვლენები ნამდვილად არ გვეხმარება ყველაფერ ამაში, პირიქით, სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის და არ შეიძლება ეს მიხაროდეს. ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ შურისძიებაზე, ბოღმაზე მაღლა და შევძლოთ ერთმანეთთან ადამიანური ლაპარაკი, დაე, ნუ დავეთანხმებით ერთმანეთს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, არჩევნების თავისუფლად ჩატარება საქართველოსთვის დიდი მიღწევა იყო, თუმცა ახლა უკვე დაპირებების შესრულების დრო დგება. „ჩვენი ხალხი ამას ელოდება. იყო გაცემული უამრავი სოციალური დაპირება, რომელიც ეხებოდა უფასო ჯანდაცვას, უფასო სწავლას, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის, ასევე ტარიფების შემცირებას და ა.შ. ხალხი ელოდება, რომ უახლოეს პერიოდში ამ ყველაფრის განხორციელება დაიწყება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. „სულ ახლახან საქართველომ, თავის ისტორიაში პირველად, ერთი მთავრობის მეორედ ჩანაცვლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური საპარლამენტო პროცესი განახორციელა. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყავი და ვარ ამ პროცესის მონაწილე. ჩემი სურვილი იყო და არის, რომ შევძლოთ ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში საქართველოს შემდგომი განვითარების შენარჩუნება“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.




