საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის სამივე ფრაქცია სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინა ხატისკაცის კანდიდატურას განიხილავს.
„ჩვენ მას ხვალ უმრავლესობის სხდომაზე მოვიწვევთ, გვექნება მასთან შეხვედრა, არსებობს გარკვეული კითხვები, გვინდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით მისი მოსაზრება მოვისმინოთ და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის მერე უმრავლესობა მხარს დაუჭერს მას“, - განაცხადა საგანელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ნინა ხატისკაცმა, რამდენიმე კვირის წინ, კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან სახალხო დამცველის პოსტზე შეთავაზება ერთხელ უკვე მიიღო. თუმცა, იმ მომენტისათვის ხატისკაცმა თამარ გურჩიანის სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე განმარტავს, პარლამენტში გურჩიანის საკითხი არ დადგება. სწორედ ამის შემდეგ დაეთანხმა ნინა ხატისკაცი უმრავლესობის შეთავაზებას.
სახალხო დამცველობის კანდიდატი ნინა ხატისკაცი ბოლო პერიოდში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ოფისში მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ხატისკაცის მეუღლე, კახა ჟორჟოლიანი მესტიის საოლქო კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში, ჟორჟოლიანს მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრ არჩილ სოფრომაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ბრალი წაუყენეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი მას 40-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.




