საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში (2000–2004 წლებში) ზურაბ აბაშიძე პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იქნება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში - ეს ინფორმაცია ზურაბ აბაშიძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს თავად დაუდასტურა.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მან შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან 10 დღის წინ მიიღო.
ოფიციალურად პრემიერმა ზურაბ აბაშიძე დღეს წარადგინა.
”იმის გათვალსიწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს ძალიან დიდი ისტორია. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით ერთად. საბჭოთა კავშირამდე, მისი ჩათვლით, ასევე როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჯერ დავარეგულიროთ, შემდეგ ახალ ხარისხში ავიყვანოთ ურთიერთობები”,-განაცხადა ივანიშვილმა ახალი წარმომადგენელის წარდგენისას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აბაშიძეს კარგი გამოცდილება და კონტაქტები აქვს და ეს გააიოლებს იმ მძიმე სიტუაცას, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია აღდგეს კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, პრემიერის განმარტებით, ”ნებაც რომ იყოს, მალევე ვერ აღდგება”.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტილი აქვთ. ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის ურთიერთობა შვეიცარიის საელჩოების მეშვეობით ხორციელდება. საგულისხმოა, რომ 26 ოქტომბერს მაია ფანჯიკიძემ, საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, უახლოეს მომავალში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა გამორიცხა:„საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ; რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა; მას გახსნილი აქვს ორი საელჩო – სოხუმსა და ცხინვალში და სანამ ეს არის ფაქტი, მანამდე დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ აღდგება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.




