აჭარა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი კაბინეტი დაამტკიცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უკვე  ცნობილია. კაბინეტი დღეს უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, მინისტრების კანდიდატურები გუშინვე წარადგინა.
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გია თავამაიშვილმა ჩაიბარა. იგი აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა. 
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გიორგი თავართქილაძე უხელმძღვანელებს. თავართქილაძე VTB ბანკის აჭარის ფილიალის დირექტორი იყო. 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე იქნება. იგი წლების განმავლობაში ამავე სამინისტროს თანამშრომელი იყო. 
შპს ფერმერთა სახლის მეპატრონე ზაურ ფუტკარაძე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური მოჰყვა აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობას. უმცირესობის წარმომადგენლები დავობდნენ, რომ მინისტრების დამტკიცება კონსტიტუციის ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა.

კომენტარები